გია ვოლსკი - ყოველდღე ვიმკით იმის შედეგს, რაც 2008 წელს მოხდა, ამას არავინ შეეგუება, როგორც წლების შემდეგ ბერლინის კედელი დაიშალა, ისე ეს მავთულხლართები აღარ იარსებებს
გია ვოლსკი - ყოველდღე ვიმკით იმის შედეგს, რაც 2008 წელს მოხდა, ამას არავინ შეეგუება, როგორც წლების შემდეგ ბერლინის კედელი დაიშალა, ისე ეს მავთულხლართები აღარ იარსებებს

2008 წელს რაც მოხდა, არის უმძიმესი, დანაშაულებრივი შეცდომა თუ არა, დანაშაული ყოველგვარი შეცდომის გარეშე და კონსპირაცია. უმძიმესი ბრალდებები ისმოდა და ისმის, თუ რატომ არ გაჰყვა სააკაშვილის ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების საგზაო რუკას და სამოქმედო სტრატეგიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველდღე იმკიან ამის შედეგს, მათ შორის მავთულხლართების გავლებით, ადამიანთა გატაცებებით, რაც ოკუპაციის ბოროტი სახეა.

„რასაკვირველია, ამას არავინ შეეგუება. ისევე, როგორც წლების შემდეგ დაიშალა ბერლინის კედელი, ეს მავთულხლართები აღარ იარსებებს. ვფიქრობ, რომ უფრო მალე, ვიდრე უახლოეს ისტორიაში პროგრესული მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება რთულ ვითარებას სწორად აფასებს და არავის ექნება განცდა, რომ ეს ტერიტორია დაკარგულია, ან შეიძლება ოკუპანტმა თავისი სტრატეგიული სამხედრო ინტერესები გაატაროს ამ რეგიონში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

მათივე ცნობით, საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები.

დატოვე კომენტარი