აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - არაა გამორიცხული, სოხუმში უბრალოდ, ნიგერიელი ფეხბურთელები ჩავიდნენ და არა ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრები
არაა გამორიცხული, სოხუმში უბრალოდ, ნიგერიელი ფეხბურთელები ჩავიდნენ და არა ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრები, – ამის შესახებ პირველ არხს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ დღეს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, უახლოეს დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები გეგმავს.
„საეჭვოა, რომ ეს თამაში ფიფა-მ დაუშვას. აფხაზეთი საქართველოა და ჩვენს ტერიტორიაზე ფიფა-ს წევრი ქვეყნის ნაკრების ჩასვლა საქართველოს მთავრობისა და სფფ-ის ნებართვის გარეშე დაუშვებელია. თუმცა, არ გამოვრიცხავ, საქმე სხვაგვარად იყოს. ცოტა ხნის წინ დაწერეს, თითქოს, ე.წ. აფხაზეთის საკალათბურთო ნაკრები ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანას ეწვია და მათ ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდა. სინამდვილეში, მსგავსი შეხვედრა არ გამართულა და მხოლოდ საწვრთნელი შეკრება მოაწყვეს. საკითხავია, ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში რეალურად რა გუნდი ჩადის – არაა გამორიცხული, უბრალოდ, ნიგერიელი ფეხბურთელები იყვნენ და არა ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრები“, – ამბობს სოსო მალანია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ფიფა-სგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.