ადვოკატის ინფორმაციით, ვლადიმერ ჯანჯღავა "ბადაგონის" წილის დაბრუნებას ითხოვს
ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი მინდია დვალიძე, “ბადაგონის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გოგი სალაყაიას საპირისპირო განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ვლადიმერ ჯანჟღავას, რომლის განცხადების საფუძველზეც ფინანსურმა პოლიციამ კომპანია “ბადაგონში” საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, “ბადაგონში” ოცი მილიონი ინვესტიცია აქვს ჩადებული. ადვოკატისვე თქმით, ჯანჯღავამ წილი 2015 წელს სალაყაის სასარგებლოდ ზეწოლის გარეშე დათმო, თუმცა ახლა წილების დაბრუნებას ითხოვს, ვინაიდან, ადვოკატის განმარტებით, სალაყაიამ ნდობით ბოროტად ისარგებლა და შეთანხება დაარღვია, რომელიც თანხის დაბრუნებას ეხებოდა.
“კომპანია “ბადაგონში” ვლადიმერ ჯანჯღავას და თეიმურზ უბილავას კუთვნილი თანხებია ინვესტირებული, რაც დღეის მდგომარეობით დაახლოებით 20 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაძლებელია კომპანია “გრაკოროში” უშუალოდ ვლადიმერ ჯანჯღავას გვარი ვერ ამოიკითხოთ, როგორც ბენეფიციარის, თუმცა “გრაკოროში” ჯანჯღავას მეუღლე და სიმამრი იყვნენ გაფორმებული. ეს ტანხა იყო ჯანჯღავასი, რომელიც მოდიოდა “გრაკოროდან”. სალაყაიას ერთი თეთრი არ მიუტანია კომპანიაში, თუ არ ჩავთვლით კრედიტებს, რომლებიც მან უხვად აიღო. რაც შეეხება წილის დათმობას, ჯანჯღავა რუსეთშია, ის რუსეთის მოქალაქეა და სალაყაია მას ყავდა როგორც მენეჯერი, ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც ანდო წილის მართვა, რადგან ადვილი ყოფილიყო თანხების მოზიდვა. ზეწოლა არ ყოფილა, იყო ნდობის ფაქტორი. ამ ნდობით ბოროტად ისარგებლა სალაყაიამ და წილი მიითვისა. ვერანაირ დოკუმენტს იმისას, რომ სხვა წყაროებიდან ხდებოდა ფულის მობილიზება, ის ვერ წარადგენს. დავით ბეჟუაშვილის გვარის ხსენება არის აბსურდი, თაღლითად ჯანჯღავას მოხსენიება კი დიდი უსინდისობა”,- აღნიშნა ადვოკატმა.
ღვინის კომპანია “ბადაგონში” საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კომპანიის დამფუძნებლები საკითხში ყოფილი დეპუტატის, დავით ბეჟუაშვილის ინტერესებს ხედავენ. მათი თქმით, “ბადაგონმა” 2014 წელს კომპანია “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედისგან” შეიძინა წილები და საბუთები სამართლის სრული დაცვით გაფორმდა.