კომპანია „ბადაგონის“ თბილისის სათაო ოფისი საქმიანობას დროებით აჩერებს 
კომპანია „ბადაგონის“ თბილისის სათაო ოფისი საქმიანობას დროებით აჩერებს 

კომპანია „ბადაგონის“ თბილისის სათაო ოფისი საქმიანობას დროებით აჩერებს, – განცხადება ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ გააკეთა.

მისი თქმით, კომპანია კრიზისული მართვის რეჟიმზე გადადის.

“უბინძურესი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა პირადად ჩემი, ლიზა ბაგრატიონის და საერთოდ „ბადაგონის“ წინააღმდეგ, ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგები. მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი და განსაკუთრებით ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო დიდწილად დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, როგორიც არის ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემო და ბრენდის ირგვლივ არსებული საინფორმაციო ფონი. სწორედ ამ ფაქტორების გამო, „ბადაგონმა“, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ამასთან ერთად რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. სამწუხაროდ, შექმნილი ვითარებით სარგებლობენ არაკეთილსინდისიერი კონკურენტებიც. მოგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შესახებ ვაცნობე პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რაზეც პრემიერმა აღუთქვა მხარდაჭერა „ბადაგონს“ და დამარწმუნა, რომ უშუალოდ ჩაერთვებოდა „ბადაგონის“ ირგვლივ შექმნილი ვითარების გადაწყვეტაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრისგან ვიგრძენი კომპანიის მიმართ სრული მხარდაჭერა და დახმარების გულწრფელი სურვილი, რადგან ეს საკითხი არა მხოლოდ ბადაგონს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას ეხება”, – განაცხადა გიორგი სალაყაიამ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ „ბადაგონის“ თბილისის სათაო ოფისი დროებით იკეტება და მუშაობას აგრძელებს კახეთში, რათა შესრულდეს უცხოელი პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები.

„ჩვენ გადავდივართ კახეთში, რათა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შესრულდეს ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ქვეყნისა და უცხოელი პარტნიორების წინაშე. ჩვენი გუნდი ექვსასივე თანამშრომლის გვერდით იქნება და იმუშავებს მათთან ერთად. გამოვთქვამ იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, შევინარჩუნებთ „ბადაგონს“, ხოლო ხელისუფლება უმოკლეს ვადებში გამოძებნის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას „ბადაგონისა“ და „ბადაგონელებისთვის“. მზად ვარ ყველა არსებული პრეტენზიის განხილვა მოხდეს სამოქალაქო სასამართლოს დარბაზში, მხარეების კანონიერი უფლებების სრული დაცვით და პატივისცემით, როგორც ეს ხდება ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში”, – აღნიშნა გიორგი სალაყაიამ.

მისივე თქმით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, „ბადაგონმა“ მიიღო ხუთი ოქროს მედალი სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე.

ჰონგ-კონგიდან ესპანეთამდე აღიარება ჰპოვა ჩვენი „ბადაგონელების“ მიერ წარმოებულმა ღვინომ, იმედია, ამ აღიარებას „ბადაგონი“ საკუთარ სახელმწიფოშიც იზეიმებს”, – განაცხადა გიორგი სალაყაიამ.