"ბადაგონის" დამფუძნებლები კომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში დავით ბეჟუაშვილის ინტერესებს ხედავენ
"ბადაგონის" დამფუძნებლები კომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში დავით ბეჟუაშვილის ინტერესებს ხედავენ

ღვინის კომპანია “ბადაგონში” საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კომპანიის დამფუძნებლები საკითხში ყოფილი დეპუტატის, დავით ბეჟუაშვილის ინტერესებს ხედავენ. მათი თქმით, “ბადაგონმა” 2014 წელს კომპანია “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედისგან” შეიძინა წილები და საბუთები სამართლის სრული დაცვით გაფორმდა.

ერთ-ერთი დამფუძნებლის გოგი სალაყაიას განცხადებით, დავით ბეჟუაშვილი დაინტერესებულია კომპანით და  მისი ბაზარზე ჩაძირვა სურს. კომპანია პრემიერ-მინისტრს საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

,,ეს ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო.  რეალურად ვხედავთ, თუ რა ხდება კომპანიის ირგლივ. დღეს როცა კომპანია გახდა ლიდერი, ამას გეუბნებით დადასტურებული ციფრებით, -ქართული ღვინის ექსპორტში 250 კომპანიას შორის ვართ უპირობო ადგილზე, როცა კომპანია გახდა საინტერესო, მათ უკვე დაიწყეს მეთოდებით ბრძლოლა, რომელიც იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს. მინდა დავასახელო ადამიანები, ვის ინტერესშიც შედის ეს ყველაფერი. მინდა ხაზი გავუსვა, აღნიშნული ქმედება არის ერთადერთი მიზნის გამო, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა კომპანია ჩაიგდონ ხელში. ეს პიროვნება არის  დავით ბეჟუაშვილი, რომელიც  დღესაც ეგრეთწოდებულ პარლამენტარად, თუ ბიზნესმენად ითვლება. ეს არის ის პიროვნება, რომელმაც 2016 წლიდან დაიწყო ქმედებები “ბადაგონის” ხელში ჩასაგდებად. 2012 წელსაც გვქონდა შემოტევა არჩევნების წინა პერიოდში, როცა ჩვენთან შემოვიდა საგადასახადო ინსპექცია იყო პირდაპირი მითითება, რომ დაგვეთმო წილები. მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა დავით ბეჟუაშვილი და სავარაუდოდ კახა დამენია. მაშინ გადაგვარჩინა პოლიტიკურმა მოვლენებმა, რომელიც მოხდა”, – აღნიშნა სალაყაიამ.

შპს „ბადაგონის” წილების მითვისების საქმეზე გამოძიება დაიწყო.