ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა დღეს კიდევ ერთ ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, დღეს ციხეში გურამ ამირხანაშვილს მიიყვანენ, რომელმაც დაკავებული ბრალდებული უნდა ამოიცნოს. ადვოკატისთვის გაურკვეველია, რატომ მიმდინარეობს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაკავების შემდეგ და რატომ არ მოხდა აღნიშნული პროცედურის ჩატარება დაკავებამდე
„მე ვიცავ არასრულწლოვანს ზ.ხ-ს. დღეს ამოცნობის პროცედურა ტარდება, რომლითაც ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად იყო თუ არა მანქანაში. ბრალი დიდი ხანია წარუდგინეს, მაგრამ დღეს რომ ტარდება ამოცნობა, ეს კითხვას აჩენს გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით. დაკავებამდე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ წავსულიყავით მცხეთაში და მიგვეღო ამ მოქმედებაში მონაწილეობა. არაფერზე გვითქვამს უარი, მივდიოდით მცხეთაში ამოცნობის მოქმედებაზე, თუმცა ჩემდა გასაოცრად დილით ადრე, რვა საათზე მოხდა ზ.ხ-ს დაკავება და ამის შემდეგ არ ჩატარებულა ამოცნობა, რათა გურამ ამირხანაშვილს ამოეცნო ეს პირი, იყო თუ არა იქ. 16 საათი იყო გამოკითხვაზე და ზემოქმედება მიმდინარეობდა, რათა იმ ჩვენებაზე მოეწერა ხელი, რომელიც გამოძიებას სურდა“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.
არასრულწლოვან ზ.ხ-ს ბრალად ედება ძალადობა და ძალადობის ჯგუფურად ორგანიზება.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზისა და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.