ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას სახლებს დღეს კიდევ ერთხელ გაჩხრეკენ
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის განცხადებით, რუსთავსა და თბილისში, ჭანტურიასა და მისი მეუღლის სახლებში ჩხრეკა ჩატარდება. ამის შესახებ ადვოკატმა ანი კეკენაძემ პირველ არხს განუცხადა.
როგორც კეკენაძემ განაცხადა, მას გამომძიებელი დაუკავშირდა და აცნობა, რომ სახლებში განმეორებითი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დღეს ჩატარდება. მისი თქმით, ჩხრეკის მიზეზი გამომძიებელს არ განუმარტავს.
ადვოკატი პირველ არხთან ამბობს, რომ გიორგი ჭანტურია საგამოძიებო უწყებაში აღარ დაუბარებიათ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, დაცვის მხარე თანამშრომლობისთვის მზად არის.
რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლი პირველად 16 იანვარს გაჩხრიკეს, ადვოკატის ინფორმაციით, ამოიღეს იარაღის ტყვიები.
ამას გარდა, 17 იანვარს ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ჭანტურიას მეუღლის სახლში, საიდანაც ადვოკატის თქმით, აკრძალული ნივთი არ ამოუღიათ.
შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.