ადვოკატის განცხადებით, საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ვახო ახვლედიანმა დაინახა, როგორ მისდევდა გიორგი შაქარაშვილს რამდენიმე პირი
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახო ახვლედიანის ადვოკატის, მზია ქასრაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება საქმეში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მზია ქასრაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა ვახო ახვლედიანმა დაინახა, როგორ მისდევდა რამდენიმე პირი გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს. ადვოკატის თქმით, თავად ახვლედიანმა კი, არაგვის მახლობლად, ხევში მიმალვა შეძლო.
„დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილს მიყენებული აქვს ბლაგვი ნივთის მსგავსი საგნით დარტყმა. ამან გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა. არ ვიცით, რას დაადგენს ექსპერტიზა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყვება, რომ.როდესაც ისინი გამორბიან, პირველი მირბის შაქარაშვილი, შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და შემდეგ ამირხანაშვილი. გიორგი შაქარაშვილი სწრაფი ნაბიჯებით პირდაპირი მიმართულებით მიდის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ სადაც ვიპოვე ბეტონის ფილა ჩავჭერი გზა, იქვე ჩავედიო. ვახო ახვლედიანი ამბობს, რომ მათ მისდევდნენ და თავის გადასარჩენად მირბოდნენ ეს ბიჭები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მთლიანად დაჩხაპნილი ბუჩქებითა და ეკლებით. ის ამბობს, რომ დამალული იყო 30-35 წუთი. იმასაც ამბობს, რომ ესმოდა ხმები – სად წახვედითო და გინება. 10-15 წუთი გრძელდებოდა გინება. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყვება, გიორგის მისდევდა არა ერთი ადამიანი“, – ვახო ახვლედიანის ადვოკატმა, მზია ქასრაშვილმა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.