ადვოკატი - მოვიძიებთ ყველა მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს, რომ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა
მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ჩოლოიანისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
როგორც მოსიაშვილი ამბობს, მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.
„დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობის შეფარდების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. თქვენ იცით, რომ პირის დაკავება ზოგადად ხდება სასამართლო განჩინების საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში პირი დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების გარეშე.
ჩვენ კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შევიტანთ დასაბუთებულ სააპელაციო საჩივარს. ვფიქრობთ, რომ სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მოვიძიებთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს, რომ მარიანას მხრიდან არანაირი ზეწოლის ფაქტი არ არსებობს“,- აცხადებს ადვოკატი.
ამასთან, გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჩოლოიანი გამოჯანმრთელდება, მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. რაც შეეხება მის გადაყვანას, მას შემდეგ რაც გამოჯანმრთელდება და შესაძლებელი იქნება მისი გადაყვანა, მოთავსდება პენიტენციურ განყოფილებაში“,- აცხადებს ადვოკატი.
ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეეფარდა.
მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.