ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა გაგრძელდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. პროკურორ ლევან ქუთათელაძის განცხადებით, სამივე მოწმის ჩვენებებით, ცალსახად იკვეთება ჩოლოიანის ბრალეულობა.
„დღეს და ასევე, წინა სხდომებზე სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით ცალსახად იკვეთება, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა 2019 წლის 10 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე ჩვენების იძულებას. ამ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჩოლოიანმა ნამდვილად მოახდინა ფსიქოლოგიური ზემოქმედება არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე, მოწმეები ცალსახად ადასტურებენ.

დღეს დაკითხული მოწმეები სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირები არიან, რომლებიც შემხებლობაში არ არიან „მწვანე სკოლის“ მოხატვის საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ.

დაცვის მხარის განცხადებით, დღემდე დაკითხული მოწმეები ჩოლოიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ვერ ადასტურებენ.

„დღეს დაიკითხა ბრალდების სამი მოწმე. აღნიშნული მოწმეები არიან უფრო დაცვის მოწმეები, ვინაიდან მათ მიერ მიცემული ჩვენებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ დაუსაბუთებლად არის წარდგენილი ბრალი. მათი ჩვენებებით, მათი იქ ყოფნის პერიოდში არანაირი დაძაბულობა, ზეწოლა და იძულება, რაზეც ბრალია აგებული, მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ესენი იყვნენ ნეიტრალური მოწმეები, რომლებიც საკუთარი პირადი გარკვეული სახის საქმიანობიდან გამომდინარე იმყოფებოდნენ, თუმცა ხაზგასმით განვმარტავ, მათი იქ ყოფნის პერიოდში არანაირ ძალადობაზე საუბარი არ დაუდასტურებიათ. არსებობენ საქმეში დაკითხული ნეიტრალური პირებიც, რომლებიც ასევე ადასტურებენ არანაირ ძალადობას ადგილია არ ქონია. სასამართლო იხილავს მარიანა ჩოლოიანის მიმართ დაუსაბუთებლად წარდგენილი ბრალის საქმეს და მე მაქვს იმედი, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მარიანა დაუსაბუთებელ ბრალში უნდა გამართლდეს“, – განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს, მარინა ჩოლოიანს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად. 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.