გაგი მოსიაშვილი - სიმართლის ძიებას ყოველთვის აქვს აზრი, 14 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლება ფეხქვეშ იქნა გათელილი
გაგი მოსიაშვილი - სიმართლის ძიებას ყოველთვის აქვს აზრი, 14 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლება ფეხქვეშ იქნა გათელილი

იმედი გვქონდა, რომ თუნდაც 14 წლის შემდეგ სამართლიანობა იზეიმებდა, თუ ამას შეიძლება ასე ვუწოდოთ – სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ზურა ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლება ფეხქვეშ იქნა გათელილი, – ამის შესახებ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

როგორც გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, აშკარა იყო რომ ხელისუფალთა მხრიდან იყო კანონმდებლობის უხეში დარღვევა და ისეთი აბსოლუტური უფლების ხელყოფა, როგორიცაა სიცოცხლის უფლება.

„ჩვენი მოლოდინი იყო ის, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, რომ დიახაც, 2006 წლის 2 მაისს კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ზურა ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლება ხელყვეს, ეს უფლება ფეხქვეშ იქნა გათელილი. რაც შეეხება კომპენსაციას, იური ვაზაგაშვილის მოთხოვნა და თხოვნა იყო, რომ მან დაადასტურა საკუთარი შვილის უდანაშაულობა, რადგან ფაქტობრივად, ეს ოჯახი დევნის სუბიექტი იყო წლების განმავლობაში. იურის სიტყვებია, თუ ზურა დამნაშავეა, მაშინ დავიჭიროთ და კანონდამრღვევი უნდა იყოს დასჯილი, მაგრამ რატომ უნდა იყოს ახალგაზრდა ადამიანი ჩაცხრილული ქალაქის ცენტრში? ამ ძირითადი თეზისის გამო ვიბრძოდით წლების განმავლობაში. ადამიანი ისე ჩაცხრილეს, რომ მისი სახელი და გვარიც არ იცოდნენ იმ პერიოდისთვის და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ შემდგომში ხდება პირის დადგენა. ფაქტია, რომ ე.წ. შედგენილი გეგმა, რომელიც თითქოს სპეცოპერაციის მიმდინარეობის პროცესში იყო სამართლებრივად შედგენილი, ასევე ის, თუ ვინ იყო ჩაცხრილული, მოგვიანებით გახდა ცნობილი სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან, რაც მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ეს „ნულოვანი ტოლერანტობის“ ფორმატში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო, სადაც აბსოლუტური, სიცოცხლის უფლება ხელყვეს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს სახელმწიფო, როგორც მხარე და ის იღებს ამ პასუხისმგებლობას. სამართლიანობის და სიმართლის ძიებას ყოველთვის აქვს აზრი, ადრე თუ გვიან დადასტურდება პირთა დანაშაულებრივი ქმედებები. ეს არის ის მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცეს სახელმწიფო არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა მოექცეს არც ერთ მოქალაქეს ისე, როგორც ეს 2006 წლის 2 მაისს მოხდა. ფაქტია, ჩვენი ბრძოლის შედეგად დადასტურდა, რასაც აქამდე დაუდასტურებლად ვიძახდით”, – განაცხადა მოსიაშვილმა.