მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს ბრალდებულის ადვოკატმა განუცხადა. ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში გაიმართა.

თავდაპირველად აღკვეთის სხდომა საქალაქო სასამართლოში დაიწყო. სხდომის საავადმყოფოში გაგრძელების შუამდგომლობა ბრალდებულების ადვოკატებმა დააყენეს, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა. მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სასამართლოში ვერ გამოცხადდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩოლოიანისთვის ბრალის წარდგენა კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხდა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.