ადვოკატის ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მეტყველება უჭირს
ადვოკატის ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მეტყველება უჭირს

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მარიანა ჩოლოიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

„დაგვჭირდა გარეშე პირის მოწვევა, რომ ბრალის ფორმულირებას გაცნობოდა ჩვენთან, ადვოკატებთან ერთად. ბრალდებულის ვერბალური და ჟესტიკულაციით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტი და მყარი კომუნიკაცია ვერ შედგა. მარიამ ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს. მას უჭირს მეტყველება. ვინაიდან ბრალდებულმა ვერ შეძლო ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, ამიტომ დაგვჭირდა გარეშე პირი და ეს გარეშე პირი ნამდვილად ადასტურებს, რომ გაეცნო ბრალს“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმეში გარდაცვლილი დედის გამოკითხვის ოქმის გარდა სხვა პირდაპირი მტკიცებულება არ არის.

„დიაგნოზს რაც შეეხება, ამას მალე შევიტყობთ, თუ რა სჭირს. საქმეში დღეის მდგომარეობით მხოლოდ დევს გარდაცვლილი არასრულწლოვანის დედის გამოკითხვის ოქმი. სხვა პირდაპირი მტკიცებულება საქმეში ამ ეტაპზე არ მოიპოვება“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ჩოლოიანისთვის ბრალის წარდგენა კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხდა, სადაც დაკავებულია მოთავსებული.