გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი წარედგინა
გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი წარედგინა

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 17 დეკემბერს დაკავებულ პოლიციის უფროს გამომძიებელ მ.ჩ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.

2019 წლის 10 დეკემბერს, მ.ჩ.-მ, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა ლ.ს. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და ლ.ს.-ს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება.
აღნიშნულზე უარის შემდეგ, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება  სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს .

დატოვე კომენტარი