მარიანა ჩოლოიანის ადვოკატებმა პატიმრობის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
მარიანა ჩოლოიანის ადვოკატებმა პატიმრობის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების საფუძველი საქალაქო სასამართლოს არ ჰქონია.

„კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა დაცვის მხარის მხრიდან ქალბატონი მარიანა ჩოლოიანის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი უსამართლო გადაწყვეტილება. აღკვეთის ღონისძიების შერჩევის დროს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დაცვის მხარე შეფარდებული ღონისძიების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს სადავოდ ხდის. შესაბამისად, დაცვის მხარემ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, გავასაჩივრეთ ზემდგომ ინსტანციაში. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ პატიმრობა გაუქმდეს, ვინაიდან ამგვარი უმკაცრესი ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ ჰქონდა. გვაქვს საფუძველი, იმედი და განწყობა, რომ ზემდგომი ინსტანცია სამართლიანობას აღადგენს. მას შემდეგ, რაც აპელაციაში გადაიგზავნება საქმე, 72 საათის განმავლობაში მთლიანობაში უნდა მოხერხდეს და საქმეზე უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს.