პროკურორი - არასრულწლოვანის გარდაცვალების საქმეზე არ არის გამორიცხული, გაიზარდოს დაზარალებულთა და ბრალდებულების რიცხვი, შესაძლოა, დამძიმდეს კვალიფიკაცია
პროკურორი - არასრულწლოვანის გარდაცვალების საქმეზე არ არის გამორიცხული, გაიზარდოს დაზარალებულთა და ბრალდებულების რიცხვი, შესაძლოა, დამძიმდეს კვალიფიკაცია

არ არის გამორიცხული, გაიზარდოს როგორც დაზარალებულთა, ასევე ბრალდებულების რიცხვი, შესაძლოა, საქმეზე დამძიმდეს კვალიფიკაცია ან შეიცვალოს ნებისმიერ პირთან მიმართებით, – ამის შესახებ 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორმა, ლევან ქუთათელაძემ განაცხადა.

პროკურორის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომ არსებობდა საქმეზე როგორც ფაქტობრივი, ასევე სხვა საფუძვლები, რისთვისაც ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. რაც შეეხება უშუალოდ იმ საფუძვლებს, რის გამოც იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, ეს გახლავთ მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლა, ასევე მოწმეებზე ზემოქმედება, რომლითაც შესაძლოა, მიაყენო ზიანი სამართალწარმოებას“, – განაცხადა პროკურორმა.

ლევან ქუთათელაძის თქმით, წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 12 თებერვალს ჩაინიშნა და როგორც პროკურორი ამბობს, აღნიშნულ ვადამდე საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი ჩაატარებს სრულყოფილ მასშტაბურ გამოძიებას, რომელიც გულისხმობს 24-საათიან რეჟიმში ყველა იმ მტკიცებულებების მოპოვებას, რომელიც მიმართული იქნება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისკენ.

„აღნიშნული საგამოძიებო ვადის პერიოდში თუ გამოიკვეთა ნებისმიერი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, საქართველოს გენერალური პროკურატურა იქნება ორგანო, რომელიც მყისიერ რეაგირებას მოახდენს და ნებისმიერ პირს, განურჩევლად ამ პირის რანგის, თანამდებობის თუ რეგალიისა, მოხდება პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და სამართალწარმოება. არ არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს როგორც დაზარალებულთა, ასევე ბრალდებულების რიცხვი. შესაძლოა, საქმეზე დამძიმდეს კვალიფიკაცია ან შეიცვალოს ნებისმიერ პირთან მიმართებით“,- აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, სასამართლოში წარდგენილ იქნა როგორც მინიმუმ დასაბუთებული ვარაუდი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

„ცალსახაა, რომ საქმე გვაქვს ისეთ გამოძიებასთან, რომელიც გარკვეულ სირთულეებს ქმნის. ერთის მხრივ საქმეში გვყავს საჯარო მოხელეები, ასევე საქმე გვაქვს არასრულწლოვნებთან, რომელთა კანონიერი ინტერესი უპირველესია. ხშირად სოციალურ მედიაში ვრცელდება სისხლის სამართლის საქმისგან განსხვავებული და დამახინჯებული ინფორმაცია, რომლის გამოც შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მივაყენოთ არასრულწლოვნების ინტერესს. ჩვენი თხოვნაა, გავითვალისწინოთ მაქსიმალურად“,- განაცხადა ლევან ქუთათელაძემ.

ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა.