ადვოკატი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სამი პირის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას მოითხოვს
ადვოკატი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სამი პირის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას მოითხოვს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 პირის ეპიზოდზე წინასასამართლო სხდომა გრძელდება. თერთმეტივე პირს  ბრალად ედება ძალადობა.

წინასასამართლო სხდომის შემდეგ საქმე არსებით განხილვაში გადავა.

როგორც მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოითხოვს, რომ საბურთალოზე მცხოვრები საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოს. მისივე თქმით, ამის შემდეგ, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს საპროცესო შეთანხმების საკითხიც.

„ამ ეტაპზე ისევ წინასასამართლო სხდომის რეჟიმში ვართ. არსებითად არაფერი შეცვლილა. ცალკე გამოიყოფა თუ არა, ამ საკითხს დავაყენებთ არსებითი განხილვის სხდომაზე და ასევე საპროცესო საკითხზეც ვიმსჯელებთ. თუკი ბრალდებასთან გავივლით დეტალებს და მზაობა იყო, მზად ვართ ჩვენც. ჯერ ბრალდების პოზიციას ველოდებით და ჩვენს პოზიციებს შევაჯერებთ“, – განაცხადა საბა გოგშელიძის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა.