ადვოკატების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები დღეს დუმილს დაარღვევენ და სასამართლოს ჩვენებას მისცემენ
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, არასრულწლოვანების ეპიზოდზე, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლო პროცესზე დღეს დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები და გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულები დაიკითხებიან.
ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის, ზაქარია გვიშიანის ინფორმაციით, გამოყოფილ საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი სასამართლოში გამოძახებულია. მისი თქმით, 11-ვე ბრალდებული დაარღვევს დუმილის უფლებას და სასამართლოს ჩვენებას მისცემს.
„ახლა უკვე იწყება დაცვის მხარის მტკიცებულებების წარდგენა და გამოკვლევა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც მითითებულია დასაკითხთა სიაში. ჩვენი მხრიდან, დაცვის მხრიდან დაიკითხებიან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები და ბრალდებულები, ასევე დაიკითხებიან გამოყოფილ საქმეზე არსებული ბრალდებულები. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უნდა იქნას გამოძახებული ყველა, 11-ვე პირი გამოყოფილი საქმიდან. შესაძლოა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმაც მისცეს ჩვენება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვამჯობინებთ, მივაწოდოთ ინფორმაცია სასამართლოს, გაეცეს პასუხი ყველა კითხვას. ყველა ბრალდებული, ჩემი ინფორმაციით, არის მზად, რომ დაიკითხოს სასამართლო სხდომაზე. ვერ გეტყვით, ხვალ რომელი მისცემს რიგითობით ჩვენებას, რომელი ბრალდებული დაიკითხება, ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები. სასამართლოს სხდომაზე გაირკვევა, ვინ იქნება დასაკითხი პირი და ვინ მიაწოდებს ინფორმაციას“, – განაცხადა ზაქარია გვიშიანმა.
კიდევ ერთი არასრულწლოვნის უფლებადამცველის განცხადებით, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს კითხვები ექნება, როგორც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ისე „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში მსხდომ პირებთან.
დალი იმნაიშვილის თქმით, ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ჩვენებებიც ამ ასპექტში იქნება მიცემული. სასამართლო პროცესები დასკვნით ეტაპს უახლოვდება და უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლო ბრალდებულ პირებს გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოუტანს.
„როგორც ინფორმაცია გვაქვს, ძირითადად უნდა დაიკითხონ ბრალდებულები, როგორც დაცვის მოწმეები. ეს ბრალდებულები მისცემენ ჩვენებას მათი უდანაშაულობის შესახებ. მათ წარდგენილი აქვთ ბრალდება არასწორად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და ისინი თავს უდანაშაულოდ თვლიან. ძირითადად, მათ მიერ მიცემული იქნება ჩვენებები ამ ასპექტში, რომ ისინი უდანაშაულონი არიან. ჩვენს მიერ დასმული იქნება კითხვები „ტოიოტა ქამრისა“ და „მერსედესში“ მოთავსებული ბრალდებულების ჩვენებების და იმის მიხედვით, თუ რა ჩვენებებს მისცემენ“, – განაცხადა დალი იმნაიშვილმა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა დღეს 11:00 საათზეა ჩანიშნული.