ადვოკატები აცხადებენ, რომ მირზა სუბელიანმა დაზიანებები სუიციდის მცდელობის შედეგად მიიღო
მირზა სუბელიანის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში სუიციდის მცდელობა ჰქონდა და ფიზიკური დაზიანებებიც ამის გამო აღენიშნება.
მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ სუბელიანს ციხეში სცემეს. როგორც ადვოკატები ამბობენ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერები.
მირზა სუბელიანის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა აქვს.
„ცემის შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. დაზიანებები არის სუიციდის მცდელობის შედეგად მიღებული. სუიციდის მცდელობა გამოწვეული იყო ფსიქოემოციური მდგომარეობიდან. ის დღესაც სტრესულ მდგომარეობაშია. მე მირზა სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრების სახელით, მადლობას ვუხდი ყველას, რომ სწრაფად მოხდა ჩარევა და ამაზე რეაგირება. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, მათ შინაარსს ვერ ჩავუღრმავდები. მირზა სუბელიანი გამოძიების ეტაპზე ჯერ დაკითხული არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა ინგა ჩალაურმა.
მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების დასწესებულებაში დღეს ადვოკატებმა მოინახულეს.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 16 ოქტომბერს დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. სამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოძიება უკვე დაწყებულია.