მოსამართლემ 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მოსამართლემ 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატებმა 20 ივნისის საქმეზე პრემიერ-მინისტრის დაკითხვა მოითხოვეს. აღნიშნულის თაობაზე შუამდგომლობა მელიას ადვოკატმა ცოტა ხნის წინ დააყენა.

გიორგი კონდახაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვა მას შემდეგ გახდა მნიშვნელოვანი, რაც  ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში საუბრობდა 20 ივნისის მოვლენებზე, რა დროსაც განაცხადა, რომ 20 ივნისს სპეცრაზმის გამოყვანა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ იყო პროვოკაცია, რადგან პარლამენტში შეჭრის ალბათობა არ არსებობდა.

„ფაქტობრივად, მოქმედი პრემიერ-მინისტრი გახდა დაცვის მხარის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე. ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომლებზეც ჩვენ უკვე წლებია, ვსაუბრობთ. კერძოდ ის, რომ 20 ივნისს არავითარი პარლამენტზე შეტევა და შეღწევა არ არსებობდა, და ეს იყო შეუძლებელი. ის, რომ სპეცდანიშნულების რაზმი გამოყვანილი იყო უკანონოდ, ამის მიზანი იყო პროვოკაციის მოწყობა და განთავსდა მომიტინგეებთან, რამაც გამოიწვია ესკალაცია, რასაც მოჰყვა აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების თვალების დათხრა, ჯანმრთელობის დაზიანება. ამ ყველაფერს ადასტურებს მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. კარგია, რომ მიხვდნენ ბოლოს, ვიდრე არასდროს. დღეს ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი დაემატოს დაცვის მხარის მოწმეთა სიას, რათა ის შემდგომში გამოძახებული იყოს, დაიკითხოს იმ გარემოების ირგვლივ, რომელიც ადასტურებს ნიკა მელიას მიმართ წარდგენილი ბრალის უსაფუძვლობას და უსამართლობას“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეზე უნდა დაიკითხონ უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და არა პოლიტიკოსები, რომლებაც შესაძლოა, საკუთარი მოსაზრებები და შეფასებები დააფიქსირონ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკა მელის ადვოკატის შუამდგომლობა პრემიერ-მინისტრის დაკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განმარტა, რომ ის, რაზეც პრემიერი სატელევიზიო ეთერში საუბრობს, საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და დაცვის მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.