ადვოკატებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს [ფოტო]
ადვოკატებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს [ფოტო]

ადვოკატები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, აქვთ მოლოდინი, რომ ხვალ დაგეგმილ ე.წ. სასამართლო პროცესზე ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება.

უფლებადამცველებმა, ადვოკატთა საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის რუს კოლეგებს მიმართეს, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს მხარი დაუჭირონ.

ამასთან, ამავე შინაარსის შემცველი განცხდებით, საქართველოში მცხოვრებმა ეროვნებით ოსმა ადვოკატმა, საოკუპაციო რეჟიმს ოსურ ენაზე მიმართა.

„ე.წ. სასამართლოში იმართება ხვალ პროცესი. შესაბამისად, პროცედურულად არის ყველა წინაპირობა იმისა, რომ მოხდეს მისი გათავისუფლება. გვაქვს ეს ინფორმაცია და ჩვენი მხრიდან მოვუწოდებთ ყველას, რომ კეთილგონიერება გამოიჩიონონ, ექიმი, ამ ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი მალე დაუბრუნონ ოჯახს“ ,-  განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.

ადვოკატებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა დაკავებული ექიმის მეუღლემ. თამილა ლაფანაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს ექიმის გასათავისფლებლად, თუმცა ამის შედეგს, მისი თქმით, ოჯახი ხვალინდელ ე.წ. სასამართლო პროცესზე დაინახავს.

„ხელისუფლება, როგორც მე მეუბნებიან, მაქსიმალურს აკეთებს, რომ მოხდეს ვაჟას გათავისუფლება. ჩართული აქვს, მათი თქმით, ყველა ბერკეტი, მაგრამ ჩვენ დავინახავთ შედეგს ხვალ,. თუ ვაჟა გათავისუფლდა, მართლაც ეს იქნება ყველას გამარჯვება. თუ არ მოხდა ვაჟას გათავისუფლება, ესე იგი, დამატებითი ბერკეტებია საჭირო, გასააქტიურებელი და ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ, პირველ რიგში სახელმწიფომ“ ,- აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.