სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ ბრალდებულმა, მირზა სუბელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. სამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოძიება უკვე დაწყებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ საღამოს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ.

გუშინ საღამოსვე, მოცემულ ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა.

ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

N8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ დღეს სუბელიანის ადვოკატმა, ეკა ხუციშვილმა განაცხადა, რომ სუბელიანის გამოკითხვა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო გადაიდო. ამასთან, მისი თქმით, ბრალდებულს გუშინ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.