ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის მონაწილეობით დაგეგმილი ამოცნობის საგამოძიებო მოქმედება დღეს არ ჩატარდა
ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის მონაწილეობით დაგეგმილი ამოცნობის საგამოძიებო მოქმედება დღეს არ ჩატარდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეში არასრულწლოვან ზ.ხ.-ის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ამოცნობის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც დაგეგმილი იყო, დღეს არ გაიმართა.

ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი მოწმე გურამ ამირხანაშვილი ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებაზე არ მიიყვანეს.
ადვოკატის განცხადებით, ე.წ. მატროსოვის ციხეში მან ხელი მოაწერა თანხმობის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი თანხმობას აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს ამოცნობის საგამოძიებო მოქმედებაში. ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ არ მოიყვანეს ამირხანაშვილი დღესვე ამ მოქმედების ჩასატარებლად.

„დღეს შსს-ის საგამოძიებო სამსახურმა ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, სადაც ხელწერილით დაადასტურებინა არასრულწლოვანს, რომ იგი თანახმაა, მიიღოს ამოცნობაში მონაწილეობა. ეს აბსურდის თეატრია. აქამდეც თანახმა ვიყავით, არაერთხელ ვთქვით ეს. საგამოძიებო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმის გარდა, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს და საქმეს მიეცეს მსვლელობა“, – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.