ადამიანის უძველესმა წინაპარმა ორ ფეხზე სიარული დაახლოებით შვიდი მილიონი წლის წინ დაიწყო — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ოთხის ნაცვლად ორ ფეხზე სიარულის დაწყება, უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩვენი სახეობის ევოლუციაში; სწორედ ამიტომ, მეცნიერები ცდილობენ განსაზღვრონ, ზუსტად როდის მოხდა ასეთი გადასვლა. ახალი კვლევის მიხედვით, ეს მომენტი დაახლოებით შვიდი მილიონი წლის წინ უნდა დამდგარიყო.
ამ დასკვნამდე მეცნიერები კაცობრიობის უძველესი წარმომადგენლობითი სახეობის, Sahelanthropus tchadensis-ის ბარძაყისა და წინა კიდურის ნამარხების საფუძველზე მივიდნენ. ეს ნამარხები 2001 წელს ჩადში, ძეგლ ტოროს-მენალაზე აღმოაჩინეს.
ამავე დროს, სავარაუდოა, რომ ეს ადრეული ჰომინინები ხეებზეც კარგად ცოცავდნენ ოთხივე კიდურის გამოყენებით. ზუსტად ისე, როგორც ოთხი ფეხიდან ორზე თანდათანობით გარდამავალი სახეობისგან უნდა ველოდეთ.
„წარმოგიდგენთ S. tchadensis-ის მამოძრავებელი ქცევის პოსტკრანიალურ (თავის ქალის უკანა) მტკიცებულებას, ჰომინინთა ევოლუციური ისტორიის ადრეულ ეტაპზე
ბიპედალიზმის (ორ ფეხზე სიარული) შესახებ ახალ ცნობებს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
მას შემდეგ, რაც ბარძაყისა და წინა კიდურის ნამარხები მკვლევრებმა ადამიანების, შიმპანზეებისა და გორილების შესაბამის ძვლებს შეადარეს, განსაზღვრეს ის მექანიკა, რომელსაც ისინი იყენებდნენ და როგორ გადაადგილდებოდა ეს სახეობა.
განმარხებული ძვლების 20 სხვადასხვა მახასიათებლის გამოყენებით განისაზღვრა, S. tchadensis-ის ორ ფეხზე დადიოდა თუ ოთხზე, მათ შორის დადგინდა ნარჩენების გარე ფორმა და შიდა სტრუქტურებიც; ამ ყველაფრისთვის კი მიკროტომოგრაფიული ვიზუალიზაცია გამოიყენეს.
მათი დასკვნით, ყველაზე სავარაუდო სცენარი არის „ქცევითი ბიპედალიზმი“, ხანდახან ხეებზე ცოცვასთან ერთად.
ჯგუფის ვარაუდით, ეს სახეობა ხეებზე თანამედროვე შიმპანზეებისა და გორილებისგან განსხვავებულად ცოცავდა: ხელის მჭიდროდ მოჭიდებით და არა ხელისა და ფეხის თითის ძვლებზე დაყრდნობით.
„წინა კიდურების გამრუდება და განივი გეომეტრიული მახასიათებლები ხეზე ცოცვის ჩვევებზე და მიუთითებს არა მიწაზე ოთხი კიდურით სიარულზე“, — წერენ მკვლევრები.
ახალი კვლევა ეფუძნება ამავე ძეგლზე აღმოჩენილ ასევე S. tchadensis-ის თავის ქალაზე ჩატარებულ წინა კვლევას. ამ თავის ქალის ანალიზები მიუთითებდა, რომ მაიმუნის მსგავსი ეს ქმნილებები ბიპედალები (ორ ფეხზე მოსიარულე) იყვნენ, მაგრამ ახლა, ამის მტკიცებულება უფრო სრულყოფილია.
დაახლოებით ამავე პერიოდის (6-8 მილიონი წლის წინანდელი) სხვა ნამარხები მიუთითებს, რომ ადამიანები გენეტიკურად შიმპანზეებს და ბონობოებს (ჯუჯა შიმპანზე) გამოეყვნენ, რომლებიც დღეს ჩვენი უახლოესი ნათესავები არიან; შესაბამისად, ეს ეტაპი გადამწყვეტია და მის გარშემო დიდი სამეცნირო დებატებია გაჩაღებული.
ეს ადრეული ჰომინინები სავარაუდოდ ცხოვრობდნენ გარემოში, რომელშიც ერთმანეთში იყო ტყეები, პალმები და საძოვრები; საკვებისა და წყლის ძებნაში, ორ ფეხზე სიარული და ხეებზე ძვრომა მათთვის უბრალოდ არჩევანის საკითხი უნდა ყოფილიყო.
„ყველაზე მოკრძალებული ჰიპოთეზის მიხედვით, Sahelanthropus-ის პოსტკრანიალური მორფოლოგია ორ ფეხზე სიარულზე მიუთითებს და სხვა ნებისმიერი ჰიპოთეზა ნაკლებად ხსნის ჩადში აღმოჩენილ ნამარხებზე არსებულ მახასიათებლებს“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.