თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა ადამიანის სახეობის ქცევითი და კულტურული ევოლუციის ორიგინალურ, გამაერთიანებელ განმარტებას გვთავაზობს — დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ მისი გამოჩენიდან, სასოფლო-სამეურნეო რევოლუციამდე (ძვ. წ. 10 000).
კვლევის მიხედვით, ადამიანი დიდ ცხოველებზე მონადირედ ჩამოყალიბდა, რამაც საბოლოოდ მათი გადაშენება გამოიწვია. პატარა, სწრაფ ცხოველებზე ნადირობაზე მორგებასთან ერთად, ადამიანებს უფრო მაღალი კოგნიტური უნარები განუვითარდათ, რასაც მეტყველებს ყველაზე აშკარა ევოლუციური ცვლილება — 650 კუბური სანტიმეტრიდან 1500 კუბურ სანტიმეტრამდე. ამ დრომდე არ არსებობდა ადამიანის პრეისტორიის ამ მნიშვნელოვანი ფენომენის რაიმე ერთიანი ახსნა. ახალი თეორია Quaternary Journal-ში გამოქვეყნდა.
ბოლო წლებში სულ უფრო ბევრი მტკიცებულება მიუთითებს, რომ დიდი ცხოველების გადაშენების ძირითადი ფაქტორი ადამიანები იყვნენ, რომლებიც შემდეგ პატარა ცხოველებზე ნადირობას მოერგნენ, ჯერ აფრიკაში და შემდეგ მსოფლიოს სხვა ნაწილებში. აფრიკაში, 2,6 მილიონი წლის წინ, როდესაც ადამიანები პირველად გამოჩნდნენ, ხმელეთის ძუძუმწოვართა საშუალო მასა დაახლოებით 500 კგ იყო. სოფლის მეურნეობის განვითარების წინა პერიოდში, ეს მაჩვენებელი უკვე 90 პროცენტით იყო შემცირებული და რამდენიმე ათეულ კილოგრამს შეადგენდა.
მკვლევართა განცხადებით, სანადირო ცხოველთა ზომის შემცირება და პატარა, სწრაფ ცხოველებზე ნადირობაზე მორგების საჭიროებამ ადამიანები აიძულა, ეშმაკობისა და სითამამისთვის მიემართათ — ევოლუციური პროცესი, რომელიც ადამიანის თავის ტვინის მოცულობის გაზრდას მოითხოვდა და რომელმაც, შემდეგში განაპირობა ენის წარმოქმნა და შესაბამისად, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა სანადირო ცხოველთა ადგილმდებარეობის შესახებ. თეორია ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთ მიზანს — სხეულის ენერგიის დაზოგვას.
მკვლევრებმა აჩვენეს, რომ მთელი მათი ევოლუციის განმავლობაში, ადრეული ადამიანები მთავარი მტაცებლები იყვნენ, დიდ ცხოველებზე ნადირობაში დასპეცებულები. ეს ცხოველები ნადირობისთვის ხელმისაწვდომი ბიომასის დიდ ნაწილს შეადგენდნენ და ადამიანებს უზრუნველყოფდნენ ბევრი ცხიმით, რაც ენერგიის მთავარი წყაროა და უფრო მეტი ენერგიით უზრუნველყოფდა, ვიდრე პატარა ცხოველები.
წარსულში აფრიკაში ექვსი სხვადასხვა სახეობის სპილო ბინადრობდა და ისინი ადამიანთათვის სანადირო ბალახისმჭამელ ცხოველთა ბიომასის ნახევარზე მეტს შეადგენდნენ. აღმოსავლეთ აფრიკაში აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ჰომო საპიენსი ამ ზონაში მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც გარკვეულ რეგიონებში შემცირდა სპილოს სახეობათა რაოდენობა. აღმოსავლეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპასა და ისრაელში ადამიანის სხვადასხვა სახეობათა არქეოლოგიურ კულტურებში აღმოჩენილ ცხოველთა ზომებთან შედარების შემდეგ, მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველა შემთხვევაში ფიქსირდებოდა 200 კგ-ზე დიდ ცხოველთა რაოდენობის მკვეთრი კლება, რასაც თან ახლდა ადამიანის თავის ტვინის მოცულობის ზრდა.
„ადამიანის თავის ტვინის მოცულობის ზრდას ჩვენ ვუკავშირებთ უფრო ჭკვიან მონადირეებად გახდომის საჭიროებას“, — ამბობს თელ-ავივის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი, დოქტორი მიკი ბენ-დორი.
მაგალითად, ერთი სპილოს ნაცვლად ათობით გაზელზე ნადირობის საჭიროებამ ადამიანის თავის ტვინის ფუნქციებზე ხანგრძლივი ევოლუციური წნეხი წარმოქმნა; ამ შემთხვევაში, ადამიანს უკვე გაცილებით მეტი ენერგიის დახარჯვა უხდებოდა როგორც მოძრაობის, ისე ფიქრისთვის. პატარა ცხოველებზე ნადირობა, რომლებიც მტაცებლების მხრიდან მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან და შესაბამისად, ძალიან სწრაფად მოძრაობენ, მოითხოვს ფიზიოლოგიურ ადაპტირებას დევნაზე, ისევე, როგორც უფრო დახვეწილ სანადირო იარაღებს. გამომდინარე იქიდან, რომ სწრაფი დევნა სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, გაიზარდა კოგნიტური აქტივობაც; ეს კი მოხდა ცხოველთა ქცევის ფენომენალური გაცნობის საფუძველზე — ინფორმაცია, რომლის შენახვასაც უფრო დიდი მეხსიერება სჭირდება.
„ადამიანთა ევოლუციური ადაპტაცია ძალიან წარმატებული იყო. რაც უფრო მცირდებოდა ცხოველთა ზომა, მშვილდ-ისრის გამოგონებამ და ძაღლების მოშინაურებამ საშუალო და პატარა ზომის ცხოველებზე ნადირობა უფრო გააადვილა, საბოლოოდ კი ამ პოპულაციათა შემცირებამდეც მიგვიყვანა“, — ამბობს დოქტორი ბენ-დორი.
ქვის ხანის დასასრულს, როცა ცხოველები კიდევ უფრო პატარები გახდნენ, ადამიანები ნადირობაში იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავდნენ, ვიდრე უკან იღებდნენ. მართლაც, სწორედ ამ დროს მოხდა სასოფლო-სამეურნეო რევოლუცია, რომელიც მოიცავდა როგორც ცხოველთა, ისე მცენარეთა მოშინაურებას. როდესაც ადამიანებმა მუდმივი დასახლებები შექმნეს და ფერმერებად იქცნენ, მათი ტვინის ზომა ამჟამინდელ მოცულობამდე შემცირდა — 1300-1400 კუბურ სანტიმეტრამდე. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კულტივირებული მცენარეები და მოშინაურებული ცხოველები აღარ გარბოდნენ და შესაბამისად, საჭირო აღარ იყო ნადირობის თავის გართმევისთვის საჭირო კოგნიტურ შესაძლებლობათა განაწილება.
„მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, შიმპანზეს ტვინი 7 მილიონი წლის განმავლობაში დარჩა სტაბილური, ადამიანის ტვინი სამჯერ გაიზარდა და უდიდეს ზომას დაახლოებით 300 000 წლის წინ მიაღწია. გარდა ტვინის მოცულობისა, ევოლუციურმა წნეხმა განაპირობა ისიც, რომ ადამიანებმა დაიწყეს ენის, ცეცხლისა და დახვეწილი იარაღების (მშვილდ-ისარი) გამოყენება, მათი მკლავები და მხრები მოერგო სროლასა და ტყორცნას, სხეული კი ხანგრძლივ გამოდევნებას, გაუმჯობესდა მათი ქვის იარაღები, მოიშინაურეს ძაღლები, საბოლოოდ, თავად სანადირო ცხოველებიც და გადაერთვნენ სოფლის მეურნეობაზე“, — ამბობს ამბობს თელ-ავივის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი რან ბარკაი.
მისივე განცხადებით, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პერსპექტივა დეტერმინისტული არ არის. ადამიანებმა ეს გასაჭირი თავად დაძლიეს. უდიდეს ცხოველებზე ნადირობის ფოკუსირებით გამოიწვიეს მათი გადაშენება. სადაც კი ადამიანები გამოჩნდნენ, იქნებოდნენ ისინი ჰომო ერექტუსები თუ ჰომო საპიენსები, ადრე თუ გვიან ხდებოდა დიდ ცხოველთა მასობრივი გადაშენება. დიდ ცხოველებზე დამოკიდებულებას საკუთარი ფასი გააჩნდა. ადამიანებმა საკუთარი საარსებო წყარო გადაჭრეს. თუმცა, მაშინ, როდესაც სხვა სახეობები, მაგალითად ჩვენი ბიძაშვილი ნეანდერტალები დიდი ცხოველების გაქრობის შემდეგ თავადაც გადაშენდნენ, ჰომო საპიენსმა ყველაფრის თავიდან დაწყება გადაწყვიტა და ამჯერად სოფლის მეურნეობას მიმართა.
კვლევა Quaternary Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.