ადამ კინზინგერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა - მჯერა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენ გვჯერა კანონისა და წესრიგის
ადამ კინზინგერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა - მჯერა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენ გვჯერა კანონისა და წესრიგის

კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა დღეს ონლაინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კინზინგერმა კითხვებზე პასუხებამდე აღნიშნა:

„დილით რაც ვნახე საქართველოში, ძალიან შემაშფოთებელი იყო. საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა. ნატო-ს მეგობრების მიერ, ასევე დასავლეთში პარტიის ოფისის რეიდის ხილვა შემაშფოთებელი იყო, ასევე იმის გაგება, თუ რა ხდება დახურულ კარს მიღმა მიმდინარე პოლიტიკაში, მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით. ასე რომ, ცოტა შეშფოთებული ვარ იმის ხილვით, რაც ხდება. ვთხოვ საქართველოს მთავრობას, დააწყნაროს სიტუაცია, რათა სიმშვიდე და წესრიგი აღდგეს, რათა გავაცნობიეროთ, რომ ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადავჭრათ და არ გავაღვივოთ დაპირისპირება. მინდა, მკაფიოდ ვთქვა ის, რაც ძალიან კარგად ვიცი, რადგან ამაზე ბევრი ვისაუბრე იმ სირთულეებთან დაკავშირებით, რაც აქ აშშ-ში გვქონდა დემოკრატიასთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ მთავარი არ არის, რა ხდება ერთ კონკრეტულ ცუდ დღეს, არამედ გადამწყვეტია, რა ხდება შემდეგ. 6 იანვრის შემდეგ დემოკრატიის პრინციპები დაცული იყო და მოხდა მთავრობის მშვიდობიანი გადაბარება. ახლა ჩვენ 6 იანვარს მომხდარში დამნაშავე პირებს პასუხს ვაგებინებთ.

ასე რომ, ყველა დემოკრატიაში არის დღეები, რომელიც კარგად არ გამოიყურება. კითხვა არის შემდეგი – რა მოხდება ამის შემდეგ? საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან შეშფოთებულები ვართ, მაგრამ ამავე დროს დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეიძლება გამოსწორდეს. ჩვენ ვადევნებთ თვალ-ყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს არ არის მუქარა, ეს არის საქართველოს მეგობრის გზავნილი, რომელიც მოწადინებულია, დაეხმაროს ქართველ ხალხს. ვიცი, რომ ჩვენს წინაშე ბევრი გამოწვევაა, ისევე როგორც კოვიდი და ვაქცინა და სამწუხარო იქნება, თუ რომელიმე საკითხი ჩავარდება მთავრობის ფრიად სულელური ნაბიჯების გამო“.

„ამერიკის ხმის“ კითხვა – საქართველოში ნიკანორ მელიას ბევრი მიიჩნევს დამნაშავედ, რადგან ვერდიქტი გამოიტანა სასამართლომ. მან მოიხსნა ელექტრონული სამაჯური საჯაროდ. თქვენ მიიჩნევთ, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციამ სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე იმოქმედა?

მჯერა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენ გვჯერა კანონისა და წესრიგის. მე არ მინდა, ზედმეტად შევიდე საქმეების დეტალებში, რადგან ბევრი საქმე გამოჩნდა და ყველა მათგანი პოლიტიკურია. ვგულისხმობ იმას, რომ ბევრი საქმეა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და ა.შ. მთავარი არის ის, რომ კანონი უნდა ამოქმედდეს სამართლიანად, მიუხედავად იმისა, ვის რისი სჯერა, მიუხედავად მისი პოლიტიკური მოსაზრებისა, მაგრამ განსაკუთრებით საშინელი იყო მომხდარის ვიზუალური სურათების ნახვა. ჩვენ ვიცით, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გახარიამ თქვა, რომ მისი მოსაზრებით ეს იყო ძალიან ცუდი ნაბიჯი. ამიტომ, ჩნდება კითხვები, რატომ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი. მე ვეთანხმები ყოფილ პრემიერ-მინისტრ გახარიას, რომ ეს ნამდვილად იყო ცუდი ნაბიჯი. ჩვენ იგივე გვესმის მინისტრთა კაბინეტის სხვა ყოფილი წევრებისგანაც. ჩემი აზრით, ახლა სიმშვიდის დროა, რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა, სიმშვიდისკენ მიმართული ქმედება არ ყოფილა. ეს არ ნიშნავს, რომ მე სპეციფიკურად რომელიმე საქმეზე ვაკეთებ კომენტარს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ეს ნიშნავს, რომ ძალადობა ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკა ჩავარდება. როგორც ჩანს, აშშ-შიც 6 იანვარს და საქართველოშიც, გუშინ პოლიტიკა ჩავარდა. ჩვენ არ გვინდა, ვიხილოთ პოლიტიკის ჩავარდნა საქართველოში. ჩვენ ეს დავძლიეთ აშშ-ში და საქართველოსაც შეუძლია, ამის გაკეთება.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებელი ვირჯინიის შტატიდან დერეკ ევანსი დააპატიმრეს იმის გამო, რომ მან 6 იანვარს ამბოხისკენ მოწოდება გააჟღერა, ასევე პირდაპირ ეთერში აჩვენა კაპიტოლიუმზე თავდასხმა. საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიამაც იგივე გააკეთა 2019 წელს ივნისში. თქვენ პარალელებს ავლებთ ამ ორ საქმეს შორის?

ნამდვილად არ ვიცი, 19 ივნისს აქციის დროს პირდაპირ ეთერში თუ ვინმე რამეს აჩვენებდა. მე ვიცი, რა მოხდა აშშ-ში, ეს იყო თავდასხმა, რა დროსაც ხუთი ადამიანი მოკლეს. ეს იყო თავდასხმა სამართლადამცავებზე და იყო თავდასხმა, რომელსაც საფუძვლად ედო ყალბი ინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც ხელი შეუწყო აშშ-ის პრეზიდენტმა. ეს იყო ის საკითხი, რომელზეც მტკიცედ უნდა ვიდგეთ.

საქართველოს პირველი არხის კითხვა: თქვენ თავად ახსენეთ 6 იანვარი და კაპიტოლიუმზე თავდასხმა, ნიკა მელიას ფაქტობრივად ანალოგიური ბრალდება აქვს წაყენებული „ძალადობის წაქეზება“. რაში ხედავთ გამოსავალს?

მე ვიყავი აშშ-ში 6 იანვარს და გადავიტანე ეს, 2019-ში საქართველოში არ ვყოფილვარ და ივნისის აქციები არ გადამიტანია. ამიტომ დასკვნებს და პარალელებს არ გავავლებ. მე ვიცი, რომ რაც დღეს ვნახე საქართველოში, სულელური ნაბიჯი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ მე კონკრეტულ საქმეზე ვსაუბრობ. ეს არ ნიშნავს, რომ მე ვამბობ, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე სწორია ან არ არის სწორი. ამის თქმა ჩემი საქმე არ არის ამ მომენტში, ჩვენ უბრალოდ გვჭირდება დაძაბულობის განმუხტვა. როგორც უკვე ვთქვი, 6 იანვარი იყო ჩავარდნა ამერიკის დემოკრატიისთვის, მაგრამ ჩვენ დავბრუნდით და რაც უნდა გაგვეკეთებინა, გავაკეთეთ იმ ღამეს. ახლა ქართველი ხალხის და მთავრობის გადასაწყვეტია ამ სიტუაციიდან გამოსვლა, მაგრამ არ მგონია, ამაზე ვინმე დაობდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის მთავრობის ყოფილი წევრების განცხადებები, რომ ეს არ იყო ჭკვიანური ნაბიჯი. ვფიქრობ, ახლა უბრალოდ წინ უნდა წავიწიოთ. სხვადასხვა საკითხებზე სხვადახვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც მე ვნახე დილით, თითი მთავრობისკენ უნდა გავიშვირო.

მთავრობა ახლა მოუწოდებს ოპოზიციას, დაბრუნდეს პარლამენტში. ოპოზიციის ნაწილი ამაზე უარს ამბობს, თქვენი აზრით, ოპოზიცია უნდა დაბრუნდეს პარლამენტში?

ისევე, როგორც აშშ-ის საელჩომ თქვა, ალბათ დროა, პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, რათა დისკუსიები გაიმართოს პარლამენტში. სწორედ ეს არის ადგილი, სადაც დისკუსიები უნდა იმართებოდეს. მე არ ვფიქრობ, რომ რაც მოხდა საქართველოში, ამას ხელს შეუწყობს. მთავარი არის შემდეგი – ჩვენ არ ვართ იმედგაცურებულები ან გაბრაზებულები საქართველოზე, უბრალოდ დახმარება გვსურს. ისევე, როგორც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის, რაც 6 იანვარს მოხდა და ვთქვათ, რომ აშშ-შიც ხდება სირთულეები და აგერ გზა, რომლითაც ამ სიტუაციიდან გამოვიდივართ, ამიტომ, იმავეს გაკეთება შესაძლებელია ჩვენს მეგობრებთან საქართველოში. ჩვენ არაფერი გვინდა საქართველოსთან კარგი ურთიერთობების გარდა, რომელიც უკვე გვაქვს. ჩვენს მტრებზე კრიტიკულს არაფერს ვამბობთ, რადგან ისინი არ გვაინტერესებს, მაგრამ ახლო მეგობრებს თვალ-ყურს ვადევნებთ და ხანდახან ვაკეთებთ განცხადებებს, საქართველოს კი, აშშ-ის საუკეთესო მეგობრად მივიჩნევთ.