კელი დეგნანი - კონგრესმენ კინზინგერის სახით თქვენ ნამდვილი მეგობარი გყავთ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის დაეთანხმება ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება ან რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს
კელი დეგნანი - კონგრესმენ კინზინგერის სახით თქვენ ნამდვილი მეგობარი გყავთ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის დაეთანხმება ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება ან რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს

შეერთებულ შტატებს არ სურს საქართველოს ჩართვა ამ ომში, კინზინგერს არ სურს ამ ომის გავრცელება საქართველოზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე, კონგრესმენი კინზინგერი წარმომადგენლობითი პალატის წევრია, რომელიც ჩვენს სისტემაში მთავრობის სრულიად ცალკეული შტოა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია თავისი პოზიციის გამოხატვა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა კელი დეგნანს კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხა.

„ის, რაც მე ვიცი კონგრესმენ კინზინგერის შესახებ არის ის, რომ იგი შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში „საქართველოს ჯგუფის“ ხელმძღვანელია. ის საქართველოსა და მის ევრო-ატლანტიკური მომავლის დიდი გულშემატკივარია. ეს ის საკითხია, რისთვისაც ის მრავალი წელია მუშაობს. ის საქართველოს მეგობარია. იგი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოღვაწეობის დიდი თაყვანისმცემელია. შესაბამისად, თქვენ კონგრესმენ კინზინგერის სახით ნამდვილი მეგობარი გყავთ. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის დაეთანხმება ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება, ან ყველაფერს, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს. სწორედ ამაშია დემოკრატიის ხიბლი, რომ შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები და ამ განსხვავებულობიდან ვიღებთ დებატებს, რასაც იმ პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებამდე მივყავართ, რაც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. საერთო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური დებატების გამართვა, რომლის დროსაც ყველა მოსაზრება გაჟღერდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.