ირაკლი კობახიძე - კინზინგერი, პრაქტიკულად, გარიცხეს საკუთარი პარტიიდან და ცდილობს, საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პრობლემები, რაც მას არ გამოუვა
ირაკლი კობახიძე - კინზინგერი, პრაქტიკულად, გარიცხეს საკუთარი პარტიიდან და ცდილობს, საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პრობლემები, რაც მას არ გამოუვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამ კინზინგერი კონგრესში საქართველოსთან პარტნიორობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და კარგად უნდა იცნობდეს საქართველოში არსებულ რეალობას, მათ შორის იმას, რამდენად აქვს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

კობახიძის თქმით, პრობლემაა, თუ კინზინგერმა ეს არ იცის, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა, თუ შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.

ამავდროულად, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ადამ კინზინგერს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები.

„თავის დროზე, კინზინგერი, ვიდრე ის იყო კონგრესმენი და, პრაქტიკულად, გარიცხავდნენ მას საკუთარი პარტიიდან, იყო საქართველოსთან პარტნიორობის ჯგუფის ხელმძღვანელი. წესით, ის კარგად უნდა იცნობდეს საქართველოში არსებულ რეალობას, მათ შორის იმას, რამდენად აქვს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მან ეს არ იცის, რაც, რა თქმა უნდა, ცალკე პრობლემაა, მაგრამ თუ იცის და შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს, ე.წ. ფეიკს, ეს უფრო დიდი პრობლემაა. საზოგადოებამ განსაჯოს, რა დგას ამ ყველაფრის უკან. კინზინგერი არაერთხელ გამოირჩა ისეთი განცხადებებით, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, მათ შორის გვახსოვს მისი აგრესიული განცხადებები, რომლებიც ომის თემასთან იყო დაკავშირებული. ეს ყველაფერი ამ კაცისგან არ გვიკვირს, თუმცა ეს არის ადამიანი, რომელიც, პრაქტიკულად, გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან. შესაბამისად, აქვს თავისი პრობლემები და, ბუნებრივია, ცდილობს, საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები, რაც მას არ გამოუვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ადამ კინზინგერი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართა: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, რომ რუსეთი აგებს?“