აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახური - სასტუმროში ხანძრის დროს მხედველობა ნულის ტოლფასი იყო
გამოძიების დასრულების შემდეგ, გვეცოდინება არამხოლოდ სახანძრო კიბის არსებობის საკითხი, არამედ თუ კიდევ რაიმე ხარვეზი იყო, – ასე უპასუხა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ კითხვას, იყო თუ არა სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო კიბე.
მისი თქმით, მეხანძრე-მაშველებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედეს და სამუშაოები დაასრულეს, ხოლო მომხდარის დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„სამაშველო სამსახურმა გუშინ გამოიყენა ყველა ძალა და საშუალება, რათა გადაერჩინა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და გამოეყვანა შენობიდან“, – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.
კითხვას, ისარგებლეს თუ არა მეხანძრე-მაშველებმა სახანძრო კიბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე პასუხობს, რომ მეხანძრეებმა გამოიყენეს შენობაში არსებული კიბე და ტექნიკური საშუალებები.
გარდა ამისა, მამუკა თურმანიძე ხანძრის ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ მხედველობა ნულის ტოლფასი იყო.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.
ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.