აბანოთუბანში ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში, აბანოთუბანში ინდუსტრიული ჰოლდინგის, „აიგრუპის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე განაცხადა, საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: „აიენერჯი“, „აიქარი“, „აიფოვერი“ და „აიფროდაქშენი“.
ჰოლდინგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნეს ჯგუფია, რომელიც ეკოლოგიური მიმართულებების პროექტებში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი მოიცავს „ქარშეარინგის“, ელექტროდამტენებისა და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს და კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა. სულ რამოდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომაპნია „აიგრუპსა“ და უმსხვილეს, 157-წლიანი ინდუსტრიული ისტორიის მქონე, ჩინურ კომპანია ჩანგანს“ შორის. მემორანდუმის საფუძველზე, ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.
რაც შეეხება „აიგრუპში“ შემავალ კიდევ ერთ კომპანია „აიქარს“, მისი მუშაობის მთავარი პრინციპია, დაზოგო დრო და ფინანსები, ამ კუთხით ის მომხმარებელს მოქნილ სერვისს ე.წ. საზიარო ავტომობილს სთავაზობს. მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში „აიქარის“ მანქანა და გადაადგილდეს სასურველი მიმართულებით. ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება. აღსანიშნავია, რომ „აიქარის“ ავტოპარკის ყველა ავტომობილი ელექტრონულია.
„აიფოვერი“ არის კომპანია, რომლის მიმართულებაც მზის ელექტროსადგურებისა და პანელების დამონტაჟება იქნება. დასაწყისისთვის იგეგმება მზის ელექტროსადგურების ეტაპობრივად დამონტაჟება დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების სახურავებზე. გამოყენებულ იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების ბოლო მიღწევები, განახლებადი ენერგიის მიღებისათვის. მზის სადგურები გაზრდის ენერგიის წარმოებას უმოკლეს ვადებში და შეამცირებს იმპორტს. რაც თავის მხრივ შეამცირებს დამოკიდებულებას იმპორტირებულ გაზზე.
„აიენერჯის“ მიერ, სერვისის ფარგლებში, დედაქალაქში დამონტაჟდება დამტენი მოწყობილობები, მათ შორის, სწრაფი დამტენები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მანქანის დამუხტვა.
„აიფროდაქშენი“ კი ითვალისწინებს პირველი ქართული ელექტრომობილების წარმოებას საქართველოში. შეიქმნება მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრო მანქანებით მოამარაგებს არა მხოლოდ ქართულ ბაზარს არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას.პირველი ქართული ელექტრომობილის წარმოება, წლის ბოლომდე იგეგმება.