ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ავტომობილს მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვებს
ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ავტომობილს მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვებს

ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ავტომობილს მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა განუცხადა. ზვიად შალამბერიძის თქმით, ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, იგეგმება ქარხნის გაფართოება, რაც ელექტრომობილების ნაწილების ადგილზე წარმოების საშუალებას მისცემთ.

როგორც შალამბერიძემ განაცხადა, ქარხანაში სათადარიგო ნაწილების წარმოებაც იგეგმება.

„ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო გასული წლის ნოემბერში. მშენებელს ვალდებულება აქვს აღებული, რომ დაწყებიდან რვა თვის შემდეგ პირველი ელექტრომობილი უნდა გამოვიდეს, თუმცა რვა თვის თავზე არ სრულდება მთლიანად ქარხნის მშენებლობა, სრულდება ნაწილი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე ავაწყოთ ადგილზე ჩამოსული ნაწილები. მშენებლობა გაგრძელდება და უახლოესი სამი წლის განმავლობაში ქარხნის გაფართოება იგეგმება.

ჩვენ აქ მხოლოდ აწყობას არ ვგეგმავთ, ადგილზე უნდა მოხდეს სათადარიგო ნაწილების წარმოებაც. ცალკე იქნება აკუმულატორების ქარხანა, ცალკე იქნება ყველა ელექტროობის წარმოების ხაზები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მთლიანად ავაწყოთ ქუთაისში ელექტრომობილი”, – განაცხადა შალამბერიძემ.