სოზარ სუბარი - ელექტრომობილების ქარხანა საუკუნის პროექტია, როგორც მთლიანად, ჩვენი ქვეყნისთვის, ისე საქართველოს რეგიონული განვითარების ჭრილში
სოზარ სუბარი - ელექტრომობილების ქარხანა საუკუნის პროექტია, როგორც მთლიანად, ჩვენი ქვეყნისთვის, ისე საქართველოს რეგიონული განვითარების ჭრილში

ელექტრომობილების ქარხანა საუკუნის პროექტია, როგორც მთლიანად, ჩვენი ქვეყნისთვის, ისე საქართველოს რეგიონული განვითარების ჭრილში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი პროექტი. გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკუნის პროექტია, როგორც მთლიანად, ჩვენი ქვეყნისთვის, ისე საქართველოს რეგიონული განვითარების ჭრილში. ქუთაისი არის ქალაქი, რომელსაც ინდუსტრიული წარმოების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება უშუალოდ ამ მანქანების წარმოებაზე. ეს იქნება უდიდესი საექსპორტო პოტენციალი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც გასაყიდად, ისე ქვეყნის შიგნითაც და ჩაანაცვლებს იმ მართლაც მოძველებულ პარკს, რომელიც უბრალოდ, აბინძურებს ჩვენს ქალაქებსა და ჯანმრთელობას“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა ახალი პროექტის პრეზენტაციაზე.

სოზარ სუბარი აღნიშნავს,რომ ახალი პროექტი განათლების სექტორის ჩართულობას მოითხოვს და თავის მხრივ, დასაქმებას შეუწყობს ხელს.

„ეს არის მაღალტექნოლოგიური მანქანები, რომელსაც სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის მუშახელი, რაც თავისთავად, გულისხმობს განათლების მაღალი დონის საჭიროებასაც და ეს იქნება ბიძგი ჩვენი განათლების სისტემისთვის. უნივერსიტეტი, რომელიც ქუთაისში შენდება, იქნება სწორედ ერთ-ერთი წყარო იმისთვის, რომ მაღალი განათლების სპეციალისტებით მოამარაგოს ეს წარმოება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით საქართველოში მზის ენერგიის წარმოებაზეც დაწყებულია მუშაობა და ამ მხრივ ქუთაისი იკრებს ძალას. შესაბამისად, სამომავლოდ მას დასაქმებისა და ექსპორტის განვითარების კუთხით დიდი დატვირთვა ექნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება.