აშშ-ის სპეციალური პროკურორი - დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან იცრუა
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლ მანაფორტმა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან იცრუა, – ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა განაცხადა.
მიულერის თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მანაფორტმა გამომძიებლებს ტყუილი უთხრა, რითაც ფედერალური კანონმდებლობა დაარღვია. სპეციალურ პროკურორს დეტალებზე არ უსაუბრია, თუ რასთან დაკავშირებით იცრუა პოლ მანაფორტმა.
მიმდინარე წლის აგვისტოში, ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი უკრაინაში პოლიტიკურ კონსულტანტად მუშაობის პერიოდში ფინანსური თაღლითობისთვის გაასამართლეს. სექტემბერში პოლ მანაფორტმა კიდევ ორ საქმეში სცნო თავი დამნაშავედ, თუმცა მიულერის გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ეს იყო პირველი სისხლის სამართლის სასამართლო, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტის ინიციატივით არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით გაიმართა.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მანაფორტის მიერ დანაშაულის აღიარებას დონალდ ტრამპთან საერთო არაფერი აქვს.