900 000 წლის წინ, ადამიანის წინაპრები თითქმის გადაშენდნენ — #1tvმეცნიერება
900 000 წლის წინ, ადამიანის წინაპრები თითქმის გადაშენდნენ — #1tvმეცნიერება

თითქმის მილიონი წლის წინ, რაღაც გამანადგურებელმა მოვლენამ კაცობრიობის წინაპრები კინაღამ მთლიანად მოსპო.

3154 თანამედროვე ადამიანის გენომური მონაცემები მიუთითებს, რომ დაახლოებით 900 000 წლის წინ, პოპულაცია დაახლოებით 100 000 ინდივიდიდან სულ რაღაც 1280 ინდივიდამდე შემცირდა. პოპულაციის ასეთი, 98,7-პროცენტიანი კლება 117 000 წელიწადს გაგრძელდა და კაცობრიობა თითქმის გადააშენა.

ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს ვარსებობთ, თანაც ამდენი ვართ, იმის დასტურია, რომ ასე არ მოხდა. თუმცა, მკვლევართა ჯგუფის აზრით, ამის შედეგებმა უნდა ახსნას ის უცნაური ნაპრალი, რაც პლეისტოცენის ეპოქაში გვაქვს ადამიანის ნამარხებთან მიმართებაში. მკვლევართა ჯგუფს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის გენეტიკოსი ჰაიპენგ ლი და აღმოსავლეთ ჩინეთის ნორმალური უნივერსიტეტის გენეტიკოსი ი-ჰსუსან პანი ხელმძღვანელობდნენ.

„აფრიკულ და ევრაზიულ ნამარხებს შორის ნაპრალი შეიძლება აიხსნას ადრეულ ქვის ხანაში არსებული ასეთი შეფერხებით. ეს ყველაფერი ემთხვევა დროის ამ პერიოდში ნამარხების მნიშვნელოვან სიმწირეს“, — ამბობს რომის საპიენცის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ჯორჯო მანცი.

მოსახლეობის ბოთლის ყელის ეფექტი, როგორც ამას ჯგუფის რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას უწოდებენ, იშვიათი არ არის. როდესაც სახეობას ისეთი მოვლენა ანადგურებს, როგორიც არის ომი, შიმშილი ან კლიმატის კრიზისი, შედეგად მიიღება ვარდნა გენეტიკურ მრავალფეროვნებაში, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს გადარჩენილთა შთამომავლების მეშვეობით. სწორედ ამ გზით ვიცით, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოსახლეობაში სულ რაღაც 7000 წლის წინაც დაფიქსირდა ბოთლის ყელის ეფექტი.

თუმცა, რაც უფრო წარსულში კვლევაა საჭირო, ყველაფერი მით უფრო რთულდება.

ახალი ანალიზებისთვის, მკვლევართა ჯგუფმა ახალი მეთოდი შექმნა, რომელსაც FitCoal უწოდეს. მისი საშუალებით ანალიზი ჩაუტარეს მთელი მსოფლიოდან 3154 ადამიანის გენომურ მონაცემებს — 10 აფრიკული და 40 არააფრიკული პოპულაციიდან, რათა შეესწავლათ, თუ როგორ შორდებოდა გენების ხაზები დროთა განმავლობაში ერთმანეთს. შედეგებმა აჩვენა მოსახლეობის მნიშნვნელოვანი კლება დაახლოებით 930 000 – 813 000 წლის წინ, რასაც უნდა გამოეწვია ამჟამინდელი გენეტიკური მრავალფეროვნების 65,85 პროცენტით შემცირება.

მოსახლეობის რაოდენობის ასე შემცირების მიზეზი 100 პროცენტით არასოდეს გვეცოდინება, რადგან ამაში წვლილი ბევრ ფაქტორს შეიძლება შეეტანა. თუმცა, იმ დროს მოხდა ერთი დიდი მოვლება, რომელსაც შეიძლება გადამწყვეტი როლი შეესრულებინა — შუა პლეისტოცენის გარდამავალი პერიოდი, რომელშიც დედამიწის გამყინვარების ციკლები მკვეთრად შეიცვალა.

შესაძლებელია, რომ კლიმატურ არეულობას ისეთი გარემო პირობები შეექმნა, რომელიც ხელსაყრელი არ იყო ადამიანთა იმ პოპულაციებისათვის, რომლებიც მაშინ გადარჩენას ცდილობდნენ. ამას კი შედეგად უნდა მოჰყოლოდა შიმშილი და კონფლიქტები, რასაც მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო უნდა შეემცირებინა.

„ახალი აღმოჩენა ახალ ველს შლის ადამიანის ევოლუციაში, რადგან სვამს ბევრ კითხვას. მაგალითად, იმ ადგილების შესახებ, სადაც ინდივიდები ცხოვრობდნენ, როგორ დაძლიეს კლიმატის კატასტროფული ცვლილება; ასევე, დააჩქარა თუ არა ბოთლის ყელის ეფექტის დროს ბუნებრივმა გადარჩევამ ადამიანის თავის ტვინის ევოლუცია“, — ამბობს პანი.

როგორც ჩანს, ბოთლის ყელის ეფექტმა წვლილი შეიტანა ადამიანის გენომის კიდევ ერთ საინტერესო მახასიათებელში: ორი ქრომოსომის შერწყმა მე-2 ქრომოსომის წარმოსაქმნელად.

ადამიანს ქრომოსომის 23 წყვილი აქვს; დღეს არსებულ ყველა სხვა ჰომინიდს (ადამიანის მსგავსი მაიმუნები) კი 24 წყვილი. როგორც ჩანს, მე-2 ქრომოსომის წარმოქმნა სახეობათწარმოქმნის მოვლენა იყო, რომელმაც ადამიანები სხვა ევოლუციური გზისკენ წაახალისა.

„ეს აღმოჩენა ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანი ადრეულიდან შუა პლეისტოცენში გარდამავალ პერიოდში ადამიანის ევოლუციის უფრო სრული სურათის დახატვაა, რაც თავის მხრივ, ბევრ რამეს გვეტყვის ადამიანის ადრეული წინაპრისა და ევოლუციის შესახებ“, — ამბობს ლი.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.