4000 წლის წინანდელ ძველეგვიპტურ თავის ქალას კიბოს მკურნალობის მცდელობის ნიშნები ემჩნევა — #1tvმეცნიერება
4000 წლის წინანდელ ძველეგვიპტურ თავის ქალას კიბოს მკურნალობის მცდელობის ნიშნები ემჩნევა — #1tvმეცნიერება

ძველეგვიპტელები გამორჩეულად დახვეწილები და მოწინავეები იყვნენ მედიცინაში. მათი უნარებიდან და ცოდნიდან დღესაც კი ვსწავლობთ, ათასობით წლის შემდეგ.

თუმცა, რა თქმა უნდა, იყო დაავადებები, რომლებსაც ძველეგვიპტელები ვერაფერს შველოდნენ. ცხადია, ერთ-ერთი ასეთი კიბო უნდა ყოფილიყო, რადგან ეს დაავადება დღესაც კი უდიდესი გამოწვევაა. კიბო წარმოადგენს ცოცხალ ქსოვილთა მუტაციას რაღაც მომაკვდინებელ, ავთვისებიან ქსოვილებად.

მიუხედავად ამისა, უკვე გვაქვს ახალი მტკიცებულება იმისა, რომ ძველეგვიპტელები კიბოს უყურადღებოდ არ ტოვებდნენ. კემბრიჯის უნივერსიტეტის დაკვორთის კოლექციაში დაცულ ორ თავის ქალას კიბოს და სხვა ჭრილობების ნიშნები აქვს — იქვეა მათი მკურნალობის მცდელობის კვალიც.

„ეს აღმოჩენა უნიკალური მტკიცებულებაა იმისა, როგორ ცდილობდა ძველეგვიპტური მედიცინა კიბოს კვლევასა და მკურნალობას 4000 წლის წინ. ეს გახლავთ გასაოცრად ახალი ხედი ჩვენს წარმოდგენაში მედიცინის ისტორიის შესახებ“, — ამბობს ესპანეთის სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ედგარდ კამაროსი.

ორივე თავის ქალას კიბოს ნიშნები აქვს, მაგრამ დეტალური მიკროსკოპული და კომპიუტერულო ტომოგრაფიული ანალიზის შემდეგ, ორივე მათგანი სხვადასხვაგვარ ამბავს ჰყვება.

თავის ქალა ნომერი 236 ეკუთვნოდა კაცს, რომელიც ძველ ეგვიპტეში დაახლოებით ძვ. წ. 2687 – 2345 წლებში ცხოვრობდა. დაიღუპა დაახლოებით 30-35 წლის ასაკში და მის თავის ქალას 30 დაზიანება ემჩნევა, რაც მეტასტაზებიანი კარცინომასთავის არის დამახასიათებელი. თუმცა, არ არის გამორიცხული სხვა დიაგნოზებიც.

დაზიანებათა უმეტესობა შედარებით პატარაა, მაგრამ ზოგიერთი შესამჩნევად დიდია, მათ შორის მონეტის ზომის ფოსო თავის ქალის ზედა ნაწილში, რომელიც სიმსივნური ქსოვილის, ანუ ნეოპლაზმის მიერ სხვა ქსოვილის განადგურების შედეგადაა წარმოქმნილი.

როდესაც მკვლევრებმა დაზიანებები ახლოდან დაათვალიერეს, რაღაც გასაოცარი შენიშნეს. კიდეებზე ჭრილობის ნიშნებია, თითქოს უძველესი ქირურგი ნეოპლაზმის ამოკვეთას ლითონის ინსტრუმენტით ცდილობდა. ამ ნაკვეთ ჭრილობებს შეხორცების ნიშნები არ აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი დაახლოებით სიკვდილის დროსაა გაკეთებული — ან გვამზე, ან როგორც უკანასკნელი საშუალება, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ისინი ამ კაცის კიბოსთანაა კავშირში.

„როგორც ჩანს, ძველეგვიპტელებმა კიბოს უჯრედებთან დაკავშირებული გარკვეული ქირურგიული ჩარევა განახორციელეს, რაც ამტკიცებს, რომ ძველეგვიპტური მედიცინა ასევე ატარებდა კიბოსთან დაკავშირებულ ექსპერიმენტულ მკურნალობას ან სამედიცინო კვლევებს“, — ამბობს საგრატ-კორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ორთოპედიული ქირურგი ალბერტ ისიდრო.

დაკვორთის კოლექციაში დაცული თავის ქალა ნომერი E270 ეკუთვნოდა ქალს,რომელიც ძვ. წ. 663 – 343 წლებში ცხოვრობდა. დაიღუპა 50 წლის ასაკში და მისი თავის ქალა მთელ ისტორიას ინახავს. პირველ რიგში შენიშნავთ თავის ქალის ზედა ნაწილზე არსებულ უზარმაზარ დაზიანებას, მარჯვენა ფრონტალურ და პარიეტალურ ძვლებს შორის. სხვა პოტენციურ დიაგნოზებს შორის, ეს დაზიანება შეესაბამება ოსტეოსარკომას ან მენინგიომას.

თუმცა, თავის ქალაზე არის სხვა, მოშუშებული ჭრილობებიც. მარცხენა წარბზე არის უზარმაზარი ჭრილობა, რომელიც ბასრი საგნით არის მიყენებული. მკვლევართა განცხადებით, როგორც ჩანს, მას ვიღაცამ თავში ბასრი იარაღი ჩაარტყა. თავის ზედა მარცხენა ნაწილში კი აღენიშნება ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება.

ეს ჭრილობები ნამდვილად საინტერესოა იმიტომ, რომ ისინი საკმაოდ კარგადაა მოშუშებული. უცნობია, ისინი ერთდროულადაა მიყენებული თუ ცალ-ცალკე, მაგრამ ქალი ორივეს გადაურჩა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შესაძლოა, მას უმკურნალეს. თუმცა, თავსატეხია ის ფაქტი, რომ ასე ომში მიყენებულის მსგავსი ჭრილობები ქალს აქვს.

„მონაწილეობდა თუ არა ეს ქალი რაიმე სახის საომარ აქტივობაში? თუ ასეა, აზრი უნდა შევიცვალოთ წარსულში ქალების როლის შესახებ, ასევე იმაზეც, როგორ მონაწილეობდნენ ისინი აქტიურად ანტიკურ კონფლიქტებში“, — ამბობს გერმანიის ქალაქ ტუბინგენის უნივერსიტეტის არქეოლოგი ტატიანა ტონდინი.

კაცის თავის ქალისგან განსხვავებით, ქალის თავის ქალაზე არსებულ უზარმაზარ სიმსივნურ დაზიანებას და სხვა ადრეულ ჭრილობებს მკურნალობის კვალი არ ემჩნევა.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ორივე პაციენტის სიკვდილის მიზეზი მკაფიო არ არის, აშკარაა მოწინავე სტადიის კიბოს არსებობა ორივე მათგანში. მკურნალობის მცდელობის კვალის მიუხედავად, კიბო ძველეგვიპტლთათვისაც მოუხელთებელი უნდა ყოფილიყო.

„გვსურდა შეგვესწავლა კიბოს როლი წარსულში, რამდენად იყო ეს დაავადება გავრცელებული ანტიკურ ხანაში და როგორ ურთიერთქმედებდნენ უძველესი საზოგადოებები ამ პათოლოგიასთან. ვხედავთ, რომ ძველეგვიპტელებს შეეძლოთ გამკლავება თავის ქალის კომპლექსურ მოტეხილობებთან, მაგრამ კიბო მათთვის სამედიცინო ცოდნის მიღმა იყო“, — ამბობს ტონდინი.

კვლევა Frontiers in Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.