ნდობის ჯგუფის სხდომაზე თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების შემოწმების ანგარიშს მოისმენენ
მიმდინარე კვირას პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება. ნდობის ჯგუფის სხდომა 3 თებერვალს ჩაინიშნა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში ჩატარებული შემოწმების ანგარიშს მოისმენენ.
აღნიშნულ შეხვედრას დაესწრებიან როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, ასევე უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.
ნდობის ჯგუფი შექმნილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში, რომლის წევრები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი აბესაძე და ეკა ბესელია არიან.
რაც შეეხება ნდობის ჯგუფის მიერ განსახილველ საკითხებს, კანონმდებლობით, ძალოვანი უწყებები ნდობის ჯგუფს ინფორმაციას წარუდგენენ განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება ორ მილიონ ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – ოთხ მილიონ ლარს.