ვახტანგ გომელაური - ნდობის ჯგუფთან შეხვედრაზე საუბარი იყო შსს-ს ბიუჯეტისა და სახელმწიფო საზღვრის საკითხებზე
ვახტანგ გომელაური - ნდობის ჯგუფთან შეხვედრაზე საუბარი იყო შსს-ს ბიუჯეტისა და სახელმწიფო საზღვრის საკითხებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარლამენტში ნდობის ჯგუფთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მის უწყებაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ შესყიდვებს.

როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხები.

„ნდობის ჯგუფთან პირველ რიგში ვისაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე, ასევე ვისაუბრეთ საიდუმლო შესყიდვებზე რაც ძალიან მცირე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ძალოვან უწყებებთან შედარებით, 2018-2019 წლებში რა იყო და რას ვგეგმავთ 2020 წელს, რის შესყიდვას ვაპირებთ. როგორ არის ბიუჯეტი გაწერილი. ასევე, ვისაუბრეთ ხელფასების თემაზე, 2019 წელს რამდენ ადამიანს მოემატა და რა რაოდენობით ხელფასი, 2020 წელს რას ვაპირებთ და რამდენ ადამიანს მოემატება. საუბარი იყო საზღვრის თემაზეც, არსებულ პრობლემებზე, რამდენიმე მიმართულებით გვაქვს პრობლემები. აზერბაიჯანის მიმართულებით მაგალითად, ამაზე იყო საუბარი და ეს პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია. თუმცა დემარკაცია, დელიმიტაციის პრობლემა გვაქვს სომხეთთან, ეს ძალიან შრომატევადი პროცესია და არ ველოდებით, რომ ერთ დღეში, ერთ წელში უცებ გადაწყდება ეს ყველაფერი. ამაზე ვმუშაობთ. დახურული ფორმატი იყო და ბუნებრივია, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა.