პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს
პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. ჯგუფის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

ვახტანგ გომელაურის ანგარიში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და განსახორციელებელ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებსა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამებისთვის გამოყოფილ თანხებს შეეხება. შეხვედრა დახურულია.

პარლამენტის წევრები მინისტრისთვის რამდენიმე საკითხზე კითხვების დასმას გეგმავენ, მათ შორის, 20 ივნისის მოვლენებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ვახტანგ გომელაური წარადგენს საიდუმლო შესყიდვის შესახებ ინფორმაციას.

„ჩვენ გავეცნობით სახელმწიფო საზღვართან მიმართებაში არსებულ ვითარებას. ასევე მივიღებთ ინფორმაციას ზოგადად ოპერატიული საქმიანობის შესახებ, რამდენადაც ახალი რეგლამენტის მიხედვით ნდობის ჯგუფის კომპეტენციაში შედის არამხოლოდ საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის მიღება და გაანალიზება, არამედ ასევე საიდუმლო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა. ცხადია, ამ საკითხების გარდა ჩვენ შევეხებით ყველა მიმდინარე პრობლემას და საკითხს, მათ შორის, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ძალიან ბევრი კითხვაა დაგროვებული, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა გასცეს პასუხი.

„პირველ რიგში, გვაინტერესებს, რატომ ვერ ხერხდება ოთხოზორია-ტატუნაშვილის და სხვა საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება, როდესაც ეს თუნდაც ოთხოზორია შემთხვევაში ვიდეოკამერაზეა აღბეჭდილი. რა თქმა უნდა, პასუხგაუცემელი კითხვებია 20 ივნისის ღამეს აქციის დარბევასთან დაკავშირებით. დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწვდის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს საჯარო ინფორმაციას, რა რაოდენობით სპეციალური საშუალებები ტყვია, გაზი და ასე შემდეგ იქნა გამოყენებული მოქალაქეების წინააღმდეგ. განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების საკითხი, რომელსაც შსს უნდა აწარმოებდეს. მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. ამ ყველაფერზე ჩვენ დავსვამთ კითხვებს და იმედია, მივიღებთ პასუხებს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.