ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს
ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს, 2021 წელს სამსახურის მიერ განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, სხდომაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული გლობალური და რეგიონული ხასიათის კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები, ასევე სამსახურის საპასუხო ნაბიჯები აღნიშნულის საპასუხოდ საანგარიშო პერიოდში.

„მოხსენების შედეგად გამოიკვეთა, რომ სამსახური ეფექტიანად ახდენდა უსაფრთხოების გარემოს სკანირებას, საფრთხეების და გამოწვევების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას, ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირების, ასევე სადაზვერვო ინფორმაციის სხვა მომხმარებელი სუბიექტების შესაბამისი ანალიტიკური პროდუქტით უზრუნველყოფას. სამსახურმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინსტიტუციური გაძლიერების, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, ასევე ნდობის ჯგუფს მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ დაზვერვის სამსახურთან, რაც არაერთი მოსმენით და საზედამხედველო ვიზიტებით დასტურდება. როგორც ბერაიამ აღნიშნა, ყოველივე ეს ხაზს უსვამს უწყების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით აუცილებელია სამსახურს ჰქონდეს სტაბილურად მზარდი დაფინანსება და პარლამენტის მხრიდან უწყებას ამ მხრივ აქვს და ყოველთვის ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა.

„კანონმდებლები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას სამსახურის შემდგომი გაძლიერებისთვის და მისი დაფინანსების გაზრდისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები, ნდობის ჯგუფს არაუგვიანეს 15 აპრილისა, წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენებას წარუდგენენ. 2022 წელს, ნდობის ჯგუფში პირველი სხდომა 24 იანვარს გაიმართა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.