პარლამენტის ნდობის ჯგუფი პირველ სხდომას გამართავს
პარლამენტის ნდობის ჯგუფი პირველ სხდომას გამართავს

მეათე მოწვევის პარლამენტის ნდობის ჯგუფი პირველ სხდომას დღეს გამართავს. სხდომა საორგანიზაციოა და მასზე ნდობის ჯგუფის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს. ნდობის ჯგუფში საპარლამენტო უმრავლესობიდან ასევე წარმოდგენილები არიან – ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი.

ირაკლი ბერაიას განმარტებით, ნდობის ჯგუფი, კანონმდებლობის თანახმად, ზედამხედველობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს, ამ მიმართულებით კი შეხვედრაზე შემუშავებული იქნება კონკრეტული საზედამხედველო აქტივობები.

„ნდობის ჯგუფი არის საქართველოს პარლამენტში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების საიდუმლო საქმიანობაზე და სპეციალურ პროგრამებზე, ასევე ამ მიმართულებით ფინანსურ ასპექტებზე. ნდობის ჯგუფის საქმიანობა არის მნიშვნელოვანი შესაბამისი უწყებების ანგარიშვალდებულებისთვის და მათი საპარლამენტო კონტროლისთვის. ჩვენ პირველ შეხვედრაზე შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, სადაც აღნიშნული მიმართულებებით გავუწევთ კონკრეტულ აქტივობებს. ეს ეხება საზედამხედველო აქტივობებს, როგორებიც არის, მათ შორის, შესაბამისი უწყებების წლიური ანგარიშების მოსმენა, თემატური ანგარიშების მოსმენა სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც საზედამხედველო ვიზიტების განხორციელება და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაბამისი უწყებებიდან“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის კვოტას ნდობის ჯგუფში, ორი ადგილი კვლავ ვაკანტურია. აღნიშნულ ადგილებს პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ვერ დაიკავებენ, ვინაიდან მათ ფრაქცია არ აქვთ. ირაკლი ბერაიას განცხადებით, აღნიშნული საკითხი ნდობის ჯგუფის საქმიანობას ვერ შეაფერხებს.

„ნდობის ჯგუფში ორი ადგილი ასევე ეკუთვნის საპარლამენტო ოპოზიციას. სამწუხაროდ, ისინი მოცემულ ეტაპზე ამ შესაძლებლობას არ იყენებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ნდობის ჯგუფის საქმიანობას ვერ შეაფერხებს“, აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

დატოვე კომენტარი