პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტის ნდობის ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ.

ვახტან გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის საიდუმლო საქმიანობის და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს დახურულ ფორმატში წარადგენს.

მოხსენების ძირითადი მიმართულებები სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ღონისძიებები და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებია.

ნდობის ჯგუფის წევრები მინისტრისგან ასევე მოისმენენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, უწყების უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვებზე.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობას ეფექტიანად, კანონის, დემოკრატიული სტანდარტების და ეთიკის ნორმების დაცვით ახორციელებს.

„ნდობის ჯგუფი აგრძელებს შესაბამისი უწყებების წლიური ანგარიშის მოსმენას. ამჯერად შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოვუსმენთ, რომელიც წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის საიდუმლო საქმიანობის და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს. ჩვენ, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით უწყების საქმიანობას და მაღალ შეფასებას ვაძლევთ მას. უწყება არის საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ეფექტიანად კანონის, დემოკრატიული სტანდარტების და ეთიკის ნორმების დაცვით.

მინისტრი ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ღონისძიებები, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და სხვა ძირითადი მიმართულებები, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასევე, მოვისმენთ ინფორმაციას უწყების მიერ განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვებზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო ანგარიში იქნება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა 17:00 საათზე დაიწყება.