26 მაისის აქციის დარბევის საქმის მოწმე - მახსოვს სიტყვები, დახოცეთ ყველა, არავინ დაინდოთ
2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებული ვახტანგ ფირალიშვილი იკითხება.
მოწმემ სხდომაზე განმარტა, რომ 2011 წელს მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რომლის მიზანი იმჟამინდელი ხელისუფლების გადაყენება იყო.
როგორც მოწმემ აღნიშნა, აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
„სააკშვილის რეჟიმის გადადგომა იყო ამ აქციების მიზანი. აქციის მონაწილეებს ალყა გვქონდა შემორტყმული და ვიცოდით, რომ ვერსად ვერ გავიდოდით . მახსოვს სიტყვები – დახოცეთ ყველა, არავინ დაინდოთ, ხელკეტიანები იყვნენ, ურტყამდნენ, ისროდნენ პლასტმასის ტყვიებს. ასე დაიწყო აქციის დარბევა. აქციის მონაწილეებმა ამ დროს ვერაფერი მოიმოქმედეს”, – განაცხადა ფირალიშვილმა.
26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.