26 მაისის საქმეზე სასამართლოში ერთი მოწმე დაიკითხა
26 მაისის საქმეზე სასამართლოში ერთი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე დაკითხეს. მოწმედ „ექსპრესნიუსის“ მაშინდელი ჟურნალისტი თენგიზ ოკუჯავა დაიკითხა. ოკუჯავამ 26 მაისის საღამოს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„ჩემს კოლეგა ჟურნალისტს, მალხაზ ჭკადუას სპეციალური ჟილეტი ეცვა, სადაც პრესა ეწერა. დავინახე, რომ მას სცემდნენ. მივედი და ვკითხე, რატომ ურტყამთ-მეთქი. შემდეგ ჩენთანაც მოვიდნენ და სპეცრაზმელმა მომიქნია ხელკეტი, ჩამარტყა ხელზე და მხარზე. მერე სხვა სპეცრაზმელები მოვიდნენ და ხელბორკილები დაგვადეს. ვეუბნებოდით, რომ ჟურნალისტები ვიყავით, მაგრამ არ განგვიმარტეს დაკავების მიზეზი. დიღმის სამმართველოშიც გადაგვიყვანეს. სამი საათი დავყავით იქ. უზარმაზარი რიგი დაგხვდა შესასვლელთან. შემდეგ ერთ ოთახში შეგვიყვანეს, სადაც კიდევ რამდენიმე კაცი იყო. პერიოდულად, შემოდიოდა სპეცრაზმელი და იატაკზე ხელკეტს ურტყამდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდა. როცა აკრედიტაციები ნახეს კარგად და მიხვდნენ, ჟურნალისტები ვიყავით, 26 მაისის აღლუმის აკრედიტაციებიც გვქონდა, გამოგვიშვეს“, – განაცხადა მოწმემ.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზეც იმსჯელა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო სხდომა 10 თებერვალს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.