26 მაისის საქმის მოწმემ დარბევის დეტალები გაიხსენა
26 მაისის საქმის მოწმემ დარბევის დეტალები გაიხსენა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე პროცესი განახლდა. დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ დაზარალებული დაიკითხა, რომელმაც დარბევის დეტალები გაიხსენა.

მოწმის თქმით, დარბევის დროს მან სხეულის დაზიანებები მიიღო.

„დარბევამდე გაფრთხილება არ იყო. მე პირადად, არაფერი გამიგია. დარბევა დაიწყო სადღაც ღამის 12:00 საათისთვის. სულ წივილ-კივილისა და ცემის ხმა ისმოდა. ხალხი არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა. მე დამაგდეს და უკნიდან დამადეს ხელებზე ბორკილები. ვთხოვე, ბორკილები წინა მხრიდან დაედოთ, რის შემდეგაც შემაგინა და ყბაში ამომარტყა ფეხი. ნეკნები ჩამტვრეული, ფეხი მოტეხილი, ცხვირ-პირი დამტვრეული მქონდა, როცა სამმართველოში შემიყვანეს. ჩემზე უარესად იყო ხალხი იქ. ისეთი რამე დავინახე, ერთ ბიჭს სულ წარბები ააცალეს ხელებით. თავად აქციის მონაწილეებს იარაღი არ ჰქონდათ”, – განაცხადა ალექსანდრე დევდარიანმა.

26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 20 მაისს 11:00 საათზე ჩაინიშნა.