26 მაისის საქმის სასამართლო სხდომიდან მსჯავრდებული ლევან ქარდავა გააძევეს
26 მაისის საქმის სასამართლო სხდომიდან მსჯავრდებული ლევან ქარდავა გააძევეს

26 მაისის საქმის სასამართლო სხდომიდან მსჯავრდებული ლევან ქარდავა გააძევეს. კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მოწმის მიმართ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით მოსამართლისგან გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღო.

ქარდავამ განაცხადა, რომ 26 მაისის აქციის დარბევის ორგანიზატორი ის არ ყოფილა და პასუხისგებაში უკანონოდ არის მიცემული. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ერთი მოწმე, რომელიც საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. მოწმემ განაცხადა, რომ მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების მეშვეობით დაარბიეს. პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს ამ დაზარალებულის მიმართ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული.

აღნიშნულ საქმეზე ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე მიმალვაშია. ასევე, მიმალვაშია კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია. რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და ვასილ ლელუაშვილი მსჯავრდებულები არიან სხვა სიახლის სამართლის საქმეზე.

წარდგენილი მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 26 მაისის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლისა და ექვსი თვის ვადით.

შემდეგი სხდომა 11 ივნისს 10:00 საათზეა ჩანიშნული.