მოწმე - როდიონოვის შესაშური დარბევა იყო 2011 წლის 26 მაისს
მოწმე - როდიონოვის შესაშური დარბევა იყო 2011 წლის 26 მაისს

როდიონოვის შესაშური დარბევა იყო 2011 წლის 26 მაისს, – ამის შესახებ 26 მაისის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ სასამართლოში განაცხადა.

დაზარალებულად ცნობილი მურმან მზარეულას განცხადებით, 2011 წელს აქციაზე საკუთარი სურვილით მივიდა. სასამართლო სხდომაზე მოწმემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით დაარბიეს. მოწმის თქმით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს დედაქალაქის მთავარი გამზირის ყველა გასასვლელი ჩაკეტილი ჰქონდათ.

„პოლიტიკური სიტუაცია მაშინ დაძაბული იყო, ეს ყველამ იცის. მე არც ერთი ორგანიზაციის წევრი არასოდეს ვყოფილვარ. მაინტერესებდა, როგორც ყველა ქართველს, რა ხდებოდა. 25 მაისს მივედი იქ, სადაც ტრიბუნები იყო. დემოკრატიული მსვლელობა უნდა მიცემოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ეს იყო მშვიდობიანი მიტინგი და პატრიოტი ადამიანები მონაწილეობდნენ. არანაირი ანტისახელმწიფოებრივი მოწოდება და მომიტინგეების მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა. მე ქალბატონი ნინოს ორგანიზაციის წევრი არ ვყოფილვარ, როგორც რიგითი ქართველი ისე მივედი. საღამოს 7-8 საათი იქნებოდა. მიტინგი მიმდინარეობდა მშვიდობიან გარემოში. დაახლოებით 11-ის ნახევარზე სახლში წასვლას ვგეგმავდი, არ ვფიქრობდი, რომ რამე დაიძაბებოდა. როცა ყოფილი პიონერთა სასახლის ტერიტორიაზე გავიარე, იქ ახალგაზრდები ისხდნენ და მითხრეს, მაგ მიმართულებით ნუ წახვალთ, ხალხს აკავებენო. მეტროს მიმართულებით მინდოდა წასვლა. არ მინახავს დაჭერის ან ჩასმის მომენტი უშუალოდ. მოგვიანებით ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი მოვიდა, მოთხოვნა იყო, რომ მიტინგი დაშლილიყო“, – აღნიშნა მურმან მზარეულამ.

​მოწმის თქმით, დაახლოებით, ნახევარ საათში წყლის ჭავლის მანქანა შენიშნა.

„გასასვლელი ქუჩები ყველა მხრიდან ჩაკეტილი იყო და არ გვქონდა გაქცევის საშუალება. სპეციალური რაზმის წარმომადგენლები იდგნენ ყველა მხარეს. ფაქტობრივად ალყაში ვიყავით, გასაქცევი არ გვქონდა. როდიონოვის შესაშური იყო ეს დარბევა. მე რომ გაქცევას ვცდილობდი, ღობეზე გადავხტი. იქ დაახლოებით 50 პოლიციელი დამხვდა. მომხვდა ტყვიაც. ხუთი ნაკერი მაქვს. არ ვიცი, რეზინის ტყვია იყო თუ რა. სისხლი მომდიოდა. სამი კაცი ვნახე, რომ გადავხტი ღობეზე. ერთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ვიგრძენი, რომ ზურგშიც მომხვდა, მაჯაზეც. თავზე საერთოდ ნაკერები მედო, მძიმედ ვიყავი. ყველას ცემდნენ განურჩევლად. მე ვამბობდი, რომ არაფერი დამიშავებია და სამშობლოს დასაცავად ვიყავი მისული“, – დასძინა მოწმემ.