26 მაისის საქმეზე შალვა ოგბაიძე დაიკითხა
26 მაისის საქმეზე შალვა ოგბაიძე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე დაზარალებული შალვა ოგბაიძე დაიკითხა.

ოგბაიძემ სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დეტალები გაიხსენა და როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შეკითხვებს უპასუხა.

მოწმის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციის დარბევისას სხეულის დაზიანებები მიიღო როგორც მან, ასევე მისმა შვილებმა.

„რამდენიმე ხნით ადრე დამიკავშირდა ერეკლე კოდუა და მითხრა, რომ ვიყავი არასასურველ ადამიანთა სიაში და შვილები გამერიდებინა აქციიდან. მათ ჰქონდათ ჩემი შვილის სურათებიც. აქციის დარბევის შემდეგ, ერთი შვილი გიორგი მარნეულის „კაპეზედან“ გამოვიყვანე. ყოველ დილით სცემდნენ, იყო ნაწამები. მეორე შვილი ლევანი რომ დააკავეს, გვიან გავიგე. მას ხელ-ფეხი შეუკრეს და ყველა ვალდებულად თვლიდა თავს, რომ ეცემათ ლევანი”,- განაცხადა დაკითხვისას ოგბაიძემ.

ერეკლე კოდუას ხსენებისას ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ქარდავას ადვოკატმა გია გოროზიამ მოწმეს შენიშვნა მისცა, რომ აღარ ესაუბრა სხვა პირებზე, რომლებიც კავშირში არ იყვნენ აღნიშნულ საქმესთან.

ამის შემდეგ ოგბაიძემ გოროზიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჰკითხა, მის გამო მისი შვილები თუ უწამებიათ, ადვოკატმა კი მას არაკაცი და პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა. კამათის გამო. მოსამართლე ნათია გუდაძემ ისინი მოსალოდნელი დაჯარიმების შესახებ გააფრთხილა, ოგბაიძეს კი სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა.

დღევანდელ პროცესს ესწრებოდა ორი ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი და ვასილ ლელუაშვილი, რომლებიც 26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით, უფლებამოსილების გადამეტებისთვის არიან დაკავებულები. ამავე ბრალდებით აღნიშნულ საქმეზე კიდევ სამი პირია ბრალდებული, ესენი არიან შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ქარდავა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია.

დატოვე კომენტარი