26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე დაზარალებულებს დაკითხავენ
26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე დაზარალებულებს დაკითხავენ

26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს დაზარალებულების ჩვენებებით გრძელდება. სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმეებს, აქციაზე დაშავებულებს დაკითხავენ. დაზარალებულები სასამართლოს მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2011 წლის 26 მაისს პარლამენტის წინ, ასევე მიიღეს თუ არა მათ რაიმე სახის დაზიანება.

დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია ორი დაზარალებულის დაკითხვა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა, სხდომის დაწყებამდე 26 მაისის მოვლენები ჟურნალისტებთან გაიხსენა. ზურაბ იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ 2011 წელს მან თავის არეში რამდენიმე დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაზარალებული ითხოვს, რომ დაისაჯონ 26 მაისის აქციის დარბევის ორგანიზატორები.

„ვიყავი აქციაზე და 12:00 საათზე, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ცოტა ხალხი იყო, ალბათ 500 ადამიანიც არ იქნებოდა, მოვიდა სპეცრაზმი. მე პარლამენტთან ვიყავი. დავაპირე წასვლა და დავეშვი თავისუფლებისკენ მეტროთი, რომ წავსულიყავი. იქ დაგვხვდა სპეცრაზმი და ე.წ. დუბინკა დამარტყეს. მერე მეორედ დამარტყეს, მერე წინიდან. სამგან მქონდა თავი გაჩეხილი. მე ფორმიანმა მომაყენა დაზიანება. ზოგი სპეცრაზმიდან იყო, ზოგი ვერ გაიგებთ. საავადმყოფოში გადამიყვანეს. მთავარი მოთხოვნაა, ორგანიზატორები დაისაჯონ, ვინც ეს დარბევა მოაწყო”,- განაცხადა ზურაბ იმერლიშვილმა.

საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.