26 მაისის საქმის მოწმე - ცუდად რომ გავხდი, გამომათრიეს გარეთ, მაინც კვდებაო და დამაგდეს ეზოში
26 მაისის საქმის მოწმე - ცუდად რომ გავხდი, გამომათრიეს გარეთ, მაინც კვდებაო და დამაგდეს ეზოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის დარბევის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს ერთ-ერთი დაზარალებული, ტარიელ გვენეტაძე დაიკითხა.

გვენეტაძე იხსენებს, რომ დარბევის დროს გასაქცევი არსად იყო, მას სახის არეში სამი ტყვია მოხვდა. დაზარალებულის თქმით, აქციის მონაწილეების ცემა სამმართველოშიც გაგრძელდა.

„სადისტურად დაარბიეს აქციის მონაწილეები, პირადად მე მცემს. ორი კბილი ჩამომიგდეს. ერთი ტყვია ყურში მომხვდა, რის გამოც ურთულესი ოპერაცია დამჭირდა. ორი ოპერაცია მუცელზე გავიკეთე. აქციაზე ვიყავით ჩვეულებრივად, არაფერი დაგვირღვევია. ყველას სცემდნენ, აბუჩად იგდებდნენ. წაგვიყვანეს სამმართველოში, იქაც ცემა-ტყეპა გაგრძელდა. ცუდად რომ გავხდი, გამომათრიეს გარეთ, მაინც კვდებაო და დამაგდეს ეზოში. წვიმაში გონზე მოვედი და შემდეგ მოქალაქეების დახმარებით მოვხვდი საავადმყოფოში. გამიწიეს დახმარება, მაგრამ ტყვია რომ ყბასა და ყურში მქონდა გაჭედილი, არ გამიმხილეს და  ჩემით გავიგე. როდესაც ვკითხე, რატომ არ მეუბნებით მეთქი, მიპასუხეს, სამსახურს დავკარგავთო“,-აცხადებს ტარიელ გვენეტაძე.

26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე მაღალჩინოსნები ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.