2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების დაფინანსება მცირდება
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების დაფინანსება მცირდება

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 4 მილიარდ 852 მილიონი ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით,  663 მილიონი ლარით არის შემცირებული.

61 მილიონი ლარით მცირდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება და შეადგენს 415.8 მლნ ლარს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებები თითქმის განახევრებულია და 356.5 მილიონ ლარს შეადგენს.

615 მილიონი ლარით გაიზარდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება და 2 მილიარდ 421 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ასევე, გასულ წელთან შედარებით, 199 მილიონი ლარით არის გაზრდილი განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება და მილიარდ 738 მილიონი ლარით განისაზღვრა.

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 900  მილიონი ლარი, შსს-სთვის  – 790 მილიონი ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაფინანსდება 156 მილიონი ლარით, ფინანსთა სამინისტროსთვის კი განისაზღვრა 81 მილიონი ლარი.

იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 251 მილიონი ლარი, მათ შორის მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი, პენიტენციური სისტემის მართვისთვის 161 მილიონი ლარი, ხოლო იუსტიციის სახლის მომსახურებათა განვითარებისა და ხელმისაწვდომობის პროგრამის დაფინანსებისთვის – 16.5 მილიონი ლარი.

რაც შეეხება სხვა უწყებებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაფინანსდება 137.5 მლნ ლარით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური – 60 მილიონი ლარით, საქართველოს პროკურატურა – 41.4 მილიონი ლარით.

ასევე, სახალხო დამცველის აპარატისთვის გათვალისწინებულია 8.8 მილიონი ლარის დაფინანსება.

დატოვე კომენტარი